ქართველი კვარას კვალდაკვალ | სერია A-ს სტატია გიორგი კვერნაძეზე
იტალიის სერია A-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა „ფროზინონეს“ ქართველ ახალწვეულს, გიორგი კვერნაძეს სტატია მიუძღვნა. „გიორგი კვერნაძე კვარას ნაბიჯების კვალდაკვალ“ - ასეთია სტატიის სათაური და ავტორი ქართველი გარემარბის პროფილს საკუთარ მკითხველს აცნობს.
„12 თვის წინ, ზუსტად ამ პერიოდში, სერია A ემზადებოდა, ხვიჩა კვარაცხელიას გასაოცარი ტალანტის შთაბეჭდილების ქვეშ მოქცეულიყო. გასული აგვისტოდან მოყოლებული, კვარა მსოფლიოს თავის კლასს, ნიჭს, გოლებსა და საგოლე გადაცემებს აჩვენებს. ქართველმა ფენომენმა, ოსიმენთან და თანაგუნდელებთან ერთად, პარტენოპეი მიიყვანა ტიტულამდე, რომელიც გუნდს 33 წელი არ ჰქონდა მოგებული.
1 წლის შემდეგ, იტალიაში მისი თანამემამულე ჩავიდა. 2003 წელს დაბადებული გიორგი კვერნაძე ფროზინონეში ითამაშებს. იგი შემტევია, რომლის მთავარი მახასიათებლებიც ტალანტი და სისწრაფეა. კვერნაძე მარცხენა გარემარბის პოზიციაზე თამაშობს, მაგრამ მემარჯვენეა და ამის წყალობით, ფლანგზე მუშაობა და საგოლე მომენტების შექმნა შეუძლია.
კვარაცხელიასგან განსხვავებით, კვერნაძეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჯერ არ ჰქონია და საქართველოს 21-წლამდე გუნდის რიგებში ირიცხება. მისტერ დი ფრანჩესკო და ფროზინონე კვერნაძის მოედანზე ხილვას მოუთმენლად ელიან. გიორგი იტალიის ჩემპიონატში გადადის სურვილით, რომ თანამემამულის მსგავსად, პირველივე სეზონში გაიბრწყინოს“, - წერს სერია A-ს ოფიციალური ვებგვერდი.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ახალი სეზონის პირველი ტური ქართული დაპირისპირებით გაიხსნება. 19 აგვისტოს, „ფროზინონე“ „ნაპოლის“ საკუთარ კედლებში დაუხვდება და მატჩი თბილისის დროით, 20:30-ზე დაიწყება.