გეიჯი გაბრაზებულია | ოლივეირას ნაცვლად ტიტულზე ჩხუბი უნდოდა
ილია თოფურია მომდევნო ორთაბრძოლას ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ გამართავს და მსუბუქი წონითი დივიზიონის ვაკანტური ქამრისთვის იჩხუბებს. UFC-ის კომენტატორმა, ჯონ ანიკმა ამ ჩხუბთან დაკავშირებით, საინტერესო ინფორმაცია გააჟღერა და აღნიშნა, რომ ჯასტინ გეიჯი UFC-ის გადაწყვეტილებით გაბრაზებული დარჩა.
„ამ კვირაში, ჯასტინს რამდენჯერმე ველაპარაკე და გეიჯი ძალიან გაბრაზებულია. ის თვლის, რომ UFC-იმ უყურადღებოდ დატოვა, როდესაც ჩარლზ ოლივეირა აირჩია. ახლა, გეიჯი და მისი მენეჯერი ყველაფერს გააკეთებენ, რათა გარანტია მიიღონ, ქამრის მომდევნო პრეტენდენტი იყვნენ“.
შეგახსენებთ, რომ გეიჯიმ ბოლო ბრძოლა რაფაელ ფიზიევის წინააღმდეგ გამართა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა. მანამდე, UFC 300-ზე ჯასტინი მაქს ჰოლოუეის დაუპირისპირდა და ნოკაუტით დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ოლივეირას ორთაბრძოლა ლას ვეგასში გაიმართება და 28 ივნისს (თბილისის დროით, 29 ივნისს) ჩანიშნული UFC 317-ის მთავარი მოვლენა იქნება. ბუკმეკერების აზრით, თოფურია გამოკვეთილი ფავორიტია და სენსაცია თუ არ მოხდა, „ელ მატადორი“ ჩემპიონი გახდება.