საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები, ვლადიმერ ბოისა
Aa
Aa

ამხანაგური მატჩი ავსტრალიასთან - ბოისამ ეროვნულ ნაკრებზე ისაუბრა

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, ვლადიმერ ბოისას განცხადებით საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩს ავსტრალიასთან გამართავს. ამ თემაზე ბოისა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ესაუბრა.

ვლადიმერ ბოისა: „ოკინავაში მეორე ჯგუფში ითამაშებს ავსტრალიის ნაკრები, რომელშიც NBA-ის რამდენიმე კალათბურთელია. მოლაპარაკებები წარმატებით დავასრულეთ და თითქმის გადაწყვეტილია, რომ იაპონიაში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ავსტრალიასთან ამხანაგურ მატჩს გავმართავთ. ასევე, იგეგმება ძლიერი გუნდების სტუმრობა თბილისის ოთხთა ტურნირზე. მათ შორის იქნება მონტენეგრო. გვექნება გასვლითი მატჩები ბალტიისპირეთში. ასე რომ, საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს სათამაშო პრაქტიკითა და კარგად მომზადებული შეხვდება“.

შეგახსენებთ, 2023 წლის საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ჯგუფების წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეები გამოვლინდნენ. ჯამში 8 კალათი შეიქმნა და საქართველო კი მე-6 კალათში ჩინეთთან, ლატვიასთან და მექსიკასთან ერთად იმყოფებოდა. წილისყრის შედეგად კი ილიას ზუროსის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე F ჯგუფი სლოვენიასთან, ვენესუელასთან და კაბო ვერდესთან მოხვდა.

აქვე გეტყვით, რომ ჯგუფების ორ-ორი საუკეთესო ნაკრები ასპარეზობას მე-2 ჯგუფურ ეტაპზე გააგრძელებს, სადაც 4 ოთხგუნდიან ჯგუფში მოხვდება, იქიდან გასული ორ-ორი საუკეთესო კი პლეი ოფში ჩემპიონობისთვის ბრძოლას გააგრძელებს. მსოფლიო ჩემპიონატს ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია უმასპინძლებენ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი 25 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები