21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი 2023, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები
Aa
Aa

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყანა ვასახელოთ“ - ევრო U21-ის დაწყებამდე 100 დღე დარჩა

საქართველოში, 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ზუსტად 100 დღე რჩება

სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით, ტურნირის მასპინძელ სამ ქალაქში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში უკუთვლის საათი ჩაირთო.

საქართველოს დედაქალაქსა და ქუთაისში სპეციალური ღონისძიება გაიმართა, რომლებსაც ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები და ადგილობრივი ხელისუფლების მმართველი პირები დაესწრნენ, ბათუმში კი ღონისძიება დღეს მომხდარი ტრაგიკული ღონისძიების გამო გაუქმდა.

თბილისში, ღონისძიებას ქალაქის მერი, კახა კალაძეც დაესწრო, რომელმაც საზოგადოებას სიტყვითაც მიმართა და ტურნირის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

რა თქვა კალაძემ:

21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატი იმის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას ყველაფერი გავუკეთოთ და შევუქმნათ ყველანაირი პირობები იმისთვის, რომ ითამაშონ ფეხბურთი, წარმოაჩინონ ჩვენი ქვეყანა და გაგებინოთ მსოფლიოს, თუ რა მაგარი ქვეყნიდან არიან, რომელსაც აქვს უდიდესი ისტორია და კულტურა, რომლითაც თითოეული ჩვენგანი ვამაყობთ. 100 დღე დარჩა ამ მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების დაწყებამდე და ეს ტურნირი იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ ევროპას და მთელ მსოფლიოს გავაცნოთ ჩვენი ულამაზესი ქვეყანა, გავაცნოთ ჩვენი ულამაზესი ქალაქები, ჩვენი კულტურა, ტრადიციები და ამით ვიამაყოთ. ვაჩვენოთ, როგორი სტუმარმასპინძლობა ვიცით. მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს, ფეხბურთის ფედერაციას, ლევან კობიაშვილს, ფედერაციის ყველა თანამშრომელს და უეფას, რომელიც გვენდო და მოგვცა შესაძლებლობა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩაგვეტარებინა საქართველოში. ჩვენის მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველი ხალხი და ჩვენი ქვეყანა ვასახელოთ.

ღონისძიებაზე სიტყვით სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძეც წარსდგა:

„ევროპის 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 100 დღე დარჩა. ამ ტურნირის გამართვა ჩვენი ქვეყნისთვის და ქართული ფეხბურთისთვის დიდი პატივია. მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ძალიან ბევრი რამ კეთდება, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. ხორციელდება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონისა და ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონის სრული რეკონსტრუქცია. ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი ფაქტობრივად თავიდან შენდება. ამასთან, საქართველო კიდევ 12 სტადიონს შეიძენს, ეს მომავალში ხელს შეუწყობს ქართული ფეხბურთისა და ბავშვების განვითარებას. უმოკლეს ვადაში ამ ყველაფრის გაკეთება რთული იყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საქართველო ევროპის ჩემპიონატს ღირსეულად უმასპინძლებს“, - განაცხადა ჭუმბურიძემ.

შეგახსენებთ, რომ 21-წლამდე ფეხბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატი 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით ორ ქვეყანაში, საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. ჩვენი ქვეყანა ტურნირის ორ ჯგუფს, პლეი-ოფის რამდენიმე თამაშს და ფინალურ მატჩს უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ერთადერთი მეტოქე, ვისთან მოხვედრაც არ მსურდა საქართველო იყო“ - ქეცბაია
„ერთადერთი მეტოქე, ვისთან მოხვედრაც არ მსურდა საქართველო იყო“ - ქეცბაია