„მადლობა ბრძოლისთვის, თქვენით ვამაყობ“ - რუსული კლუბის მწვრთნელის მიმართვა
Aa
Aa

„მადლობა ბრძოლისთვის, თქვენით ვამაყობ“ - რუსული კლუბის მწვრთნელის მიმართვა

რამდენიმე დღის წინ, ანტალიის ერთ-ერთ სასტუმროში რუს და უკრაინელ ფეხბურთელებს შორის მასობრივი ჩხუბი მოხდა. რუსული მედიის ინფორმაციით, დაპირისპირებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, რუსული კლუბის, „შინიკის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვადიმ ევსეევმა თავის ფეხბურთელებს ჩხუბისთვის მადლობა გადაუხადა.

ვადიმ ევსეევის სიტყვებს RBC-ის ჟურნალისტი, გრანტ გეტადარინი ავრცელებს:

„დილა მშვიდობის ბიჭებო. ამით მინდა დავიწყო... შაბათ-კვირას მოხდა ინციდენტი, რომლის გამოც, პირადად მე მინდა, რომ მადლობა გადაგიხადოთ, თქვენით ვამაყობ.

დავრწმუნდი, რომ შემადგენლობა სწორად შევარჩიეთ და საჭირო ხალხი მოვიყვანეთ. თქვენ იბრძოლეთ. ხალხს ამისგან აჟიოტაჟის შექმნა სურდა, მაგრამ მათთვის სამწუხაროდ, ეს ვერ შეძლეს.ცოტანი იყავით, მაგრამ უკან არ დაგიხევიათ და პირიქით, გმირულად იბრძოდით.

მე დავინახე ვინ ჩხუბობდა და ვინ იტყუებოდა, არა უშავს“, - თქვა ევსეევმა.

საგულისხმოა, რომ სიტყვით გამოსვლის შემდეგ, „შინიკის“ მწვრთნელი სათითაოდ ყველა ფეხბურთელს გადაეხვია და ხელი ჩამოართვა.

გავრცელებული ცნობებით, დაპირისპირება „მინაის“ მოთამაშეების პროვოცირებით დაიწყო. უკრაინელები თავდაპირველად რუსული კლუბის მწვრთნელთან მივიდნენ და მას უკრაინის ჰიმნის შესრულება მოსთხოვეს. საპასუხოდ, „შინიკის“ დამრიგებელმა მათ ქუჩაში გასვლა შესთავაზა, თუმცა შელაპარაკება მალევე, სასტუმროს პერსონალის ჩარევის შემდეგ აღმოიფხვრა.

მოგვიანებით, უკრაინული კლუბის ფეხბურთელები რუსებს სასტუმროს ლიფტში გადაეყარნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. როდესაც ლიფტი პირველ სართულზე გაჩერდა, მათ ფოიეში რუსი ფეხბურთელები დახვდნენ და სწორედ ამ დროს დაიწყო მხარეებს შორის მასობრივი ჩხუბი. სიტუაციის განსამუხტად, სასტუმროს პოლიციის გამოძახებაც მოუწია და ასევე, საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების გამოძახებაც.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები