უკრაინა, რუსეთი
Aa
Aa

თურქეთის სასტუმროში, უკრაინელ და რუს ფეხბურთელებს შორის მასობრივი ჩხუბი მოხდა

თურქულ სასტუმროში, უკრაინელ და რუს ფეხბურთელებს შორის მასობრივი ჩხუბი მოხდა.

ცნობილი ტელეგრამ-არხის, Baza-ს ინფორმაციით, რუსული „შინიკისა“ და უკრაინული „მინაის“ ფეხბურთელებს შორის მომხდარ ინციდენტს ადგილი ანტალიაში მდებარე სასტუმრო Royal Seginus-ში ჰქონდა.

გავრცელებული ცნობებით, დაპირისპირება „მინაის“ მოთამაშეების პროვოცირებით დაიწყო. უკრაინელები თავდაპირველად რუსული კლუბის მწვრთნელთან მივიდნენ და მას უკრაინის ჰიმნის შესრულება მოსთხოვეს. საპასუხოდ, „შინიკის“ დამრიგებელმა მათ ქუჩაში გასვლა შესთავაზა, თუმცა შელაპარაკება მალევე, სასტუმროს პერსონალის ჩარევის შემდეგ აღმოიფხვრა.

მოგვიანებით, უკრაინული კლუბის ფეხბურთელები რუსებს სასტუმროს ლიფტში გადაეყარნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. როდესაც ლიფტი პირველ სართულზე გაჩერდა, მათ ფოიეში რუსი ფეხბურთელები დახვდნენ და სწორედ ამ დროს დაიწყო მხარეებს შორის მასობრივი ჩხუბი. სიტუაციის განსამუხტად, სასტუმროს პოლიციის გამოძახებაც მოუწია და ასევე, საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების გამოძახებაც.

რამდენიმე საათის შემდეგ, ერთ-ერთმა უკრაინელმა ჟურნალისტმა, მიხაილ სპივაკოვსკიმ ჩხუბის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა უარყო ცნობები იმის შესახებ, რომ კონფლიქტი უკრაინის ჰიმნის შესრულების მოთხოვნის გამო დაიწყო.

უკრაინული მხარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაპირისპირება რუსი ფეხბურთელების არაკორექტული ქცევით დაიწყო, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ისინი სასტუმროს პერსონალის მიმართ უხეში ქცევებით გამოირჩეოდნენ, რა დროსაც მათ „მინაის“ ფეხბურთელმა უსაყვედურა და კონფლიქტიც სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა.

კონფლიქტს ადასტურებს „შინიკის“ გენერალური დირექტორიც, თუმცა აცხადებს, რომ კლუბი შიდაგამოძიებას აწარმოებს.

დამატებითი გართულებების თავიდან ასაცილებლად, სასტუმროში ამ დრომდე მორიგეობს საპატრულო ეკიპაჟის ჯგუფი. ორივე მხარე, ახლა იზოლირებულ გარემოშია და ერთმანეთთან მაქსიმალურად მცირე კონტაქტი აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები