რა ხდება მეტოქის ბანაკში - რებროვი რესურსით უკმაყოფილოა
უეფას ერთა ლიგის გათამაშებაში, რომელიც შემოდგომაზე გაიმართება, ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე უკრაინის ეროვნული გუნდია. ამ ტურნირამდე მარტში უკრაინელებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ელით და შესაბამისად, სანაკრებო ამბები იქ კიდევ უფრო მეტად აქტუალურია. უკრაინის ნაკრების დამრიგებელმა სერგეი რებროვმა კი, Ua-football.com-ისთვის მიცემულ ინტერვიუში წუწუნი დაიწყო და პირდაპირ განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული რესურსით ბოლომდე კმაყოფილი არ არის.
სერგეი რებროვი
ძალიან ცოტა გვყავს ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ევროპის ელიტურ ლიგაში გამოდის. ილია ზაბარნი პსჟ-ში გადავიდა, მაგრამ თამაში იშვიათად უწევს, იგივეს თქმა შეიძლება „ბენფიკაში“ ანატოლი ტრუბინზე. უკრაინის ჩემპიონატშიც ბევრი პრობლემაა - დონეცკის „შახტარისა“ და კიევის „დინამოს“ მოთამაშეები შექმნილი სიტუაციის გამო, ნახევარ ცხოვრებას გზაში ატარებენ, ხან თვითმფრინავში, ხან კი ავტობუსში და დასვენებისთვის დროს პრაქტიკულად აღარ რჩებათ.
ცნობისათვის, ევროპის ტოპ-ლიგებში უკრაინას ზაბარნისა და ტრუბინის გარდა, კიდევ რამდენიმე წარმომადგენელი ჰყავს. ეგორ იარმოლიუკი და ვიტალი მიკოლენკო - ინგლისში, ვლადისლავ ვანატი და ვიქტორ ციგანკოვი - ესპანეთში, რუსლან მალინოვსკი და არტემ დოვბიკი - იტალიაში, ხოლო რომან იარემჩუკი და გეორგი სუდაკოვი კი პორტუგალიაში თამაშობენ.