Cadena SER: რეალი ვიტინიასა და ჰოლანდს უმიზნებს
„რეალს“ ახალი სეზონის წინ დაცვის, ნახევარდაცვისა და თავდასხმის გაძლიერება სურს.
ცნობილი ესპანური გამოცემა Cadena SER-ი ამტკიცებს, რომ მადრიდელები ექვს ტრანსფერს გეგმავენ. კლუბს სჭირდება განაპირა და ცენტრალური მცველები, საყრდენი ნახევარმცველი, გამთამაშებელი, მარჯვენა გარემარბი და ცენტრალური თავდამსხმელი.
მთავარი სამიზნე – შემტევი სტილის ნახევარმცველია, რომელიც ლუკა მოდრიჩისა და ტონი კროოსის როლს მოირგებდა. ყველაზე მეტად „რეალს“ ვიტინიას შეძენა სურს პსჟ-დან, თუმცა პარიზელები მოთამაშისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებენ, თავად ფეხბურთელს კი სეზონის დასრულებამდე მოლაპარაკებების წარმოება არ სურს.
ასევე, მადრიდელები კვლავ იმედოვნებენ, რომ შორეულ მომავალში შეძლებენ „მანჩესტერ სიტიდან“ ერლინგ ჰოლანდის ყიდვას. შანსები უნდა გაიზარდოს იმ შემთხვევაში, თუ პეპ გუარდიოლა „ქალაქელების“ მწვრთნელის პოსტს დატოვებს.
ამჟამად კი „რეალი“ ნორვეგიელს „შორეულ ოცნებად“ მიიჩნევს, მაგრამ ამ სეზონის ჩაგდების შემთხვევაში, არის ვარაუდები, რომ პეპი „სიტის“ დატოვებს და ამასთან ერთად ჰოლანდის ტრანსფერის შანსებიც გაიზრდება.