ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

გილოცავთ დაბადების დღეს! - როგორ აფასებს იტალიური მედია კვარას თამაშს

იტალიის სერია A-ს 22-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „კრემონეზეს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხა.

ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 83 წუთი გაატარა. 22-ე წუთზე „ნაპოლი“ ხვიჩას გოლით დაწინაურდა და საგულისხმოა, რომ კვარამ გოლი თავის 22-ე დაბადების დღეზე გაიტანა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართველი შემტევის თამაში იტალიურმა პრესამ შეაფასა.

რა იწერება იტალიურ მედიაში:

Corriere dello Sport – 7.5 ქულა: კვარაცხელია ზეიმობს. თქვენ ელოდებით მას მარჯვნივ, მაგრამ მიდის მარცხნივ, ელოდებით მარცხნივ და მიდის მარჯვნივ. რას იზამს, როდესაც მის შეჩერებას ოდნავ მაინც შეეცდებიან? შეეცადეთ მის შეჩერებას, თუ გამოგივათ. ასეთ საღამოებზე ის შეუჩერებელია, ეს უბრალოდ გარდაუვალია. საცოდავმა სერნიკოლამ ალბათ იცის ამის შესახებ და ალბათ, ისევ ნელი მოძრაობით უყურებს როგორ გადის გოლი, უყურებს, რათა გაიგოს, რა ჯანდაბა გააკეთა კვარამ მის კართან, რომ ასე ადვილად მოატყუა ყველა. კვარა, გილოცავთ დაბადების დღეს. კრემონეზეს მოთამაშეები დღეს წვეულებაზე მიწვეულები არ ყოფილან.

Calcionapoli1926 – 7 ქულა: უწყვეტი მაგია და ბრწყინვალე გოლი, რომლითაც ანგარიში გაიხსნა. როცა ანათებს, ამ ბიჭის გაჩერება ძალიან ძნელია. მას აქვს ჯადოსნური ჯოხი მოწინააღმდეგეების მოსატყუებლად.

sport.virgilio.it – 7.5 ქულა: როგორც მეფე, შეეხება რაღაცას და ის ოქროსფერი ხდება. მისთვის ასეთი გოლების გატანა უკვე მარტივი ხდება. სტატისტიკა ყველაფერს ამბობს, მიმდინარე სეზონში ის ერთადერთი დებიუტანტია ტოპ 5 ჩემპიონატში, რომელმაც 9 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა. ეს უბრალოდ შთამბეჭდავია.

Goal.com – 7 ქულა: 22 წელი და მისი გოლი 50 ათასი ადამიანის წინაშე. 77-მა ნომერმა რთულ თამაშში ანგარიში გახსნა და „ნაპოლი“ სერია A-ში მე-18 გამარჯვებამდე მიიყვანა.

TuttoNapoli – 7.5 ქულა: ასეთ საღამოებზე ის თითქმის ყოველთვის ანათებს. მან რთულ სიტუაციაში შეძლო ანგარიშის გახსნა, შემდეგ პენალტზეც წავიდა, რომელიც მსაჯმა არ დანიშნა.

SkySports – 7 ქულა.

ქართველმა ფეხბურთელმა სერია A-ში უკვე მე-9 გოლი შეაგდო და ამასთან, მას 9 საგოლე გადაცემაც აქვს. საერთო ჯამში მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 მატჩში 10 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა.

22 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 59 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოეს მდევარ „ინტერს“ 16 ქულით უსწრებს, თუმცა „ნერაძურის“ თავისი 22-ე მატჩი ჯერ გასამართი აქვს.

ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 17 თებერვალს, სტუმრად „სასუოლოს“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვეს ეფექტური პასი - სლოვანი უშუალო კონკურენტს დაუზავდა
ჩაკვეს ეფექტური პასი - სლოვანი უშუალო კონკურენტს დაუზავდა