ლაშა მალაღურაძე
Aa
Aa

მალაღურაძე: „გერმანიასთან მატჩი ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი თამაში იყო“

საქართველოს რაგბის ნაკრების ახალმა ცენტურიონმა, ლაშა მალაღურაძემ ისტორიულ მიღწევაზე ისაუბრა. ქართველი მორაგბის სიტყვები World Rugby-იმ გაავრცელა და მალაღურაძემ გერმანიასთან გამართულ შეხვედრას ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მატჩი უწოდა.

„ჩემთვის საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ღირსების 100-ჯერ დაცვა უდიდესი პატივია და ქართული რაგბის სხვადასხვა თაობის გვერდით ამხელა დროის გატარება ფასდაუდებელი რამაა. ვფიქრობ, გამიმართლა, საქართველოს ნაკრებში თამაშის შანსი რომ მომეცა. ამ შანსს ყველა ვერ იღებს და ძალიან ბედნიერი ვარ, თუმცა მგონია, რომ გუნდში ადგილის შენარჩუნება ბევრად რთულია, რადგან უდიდეს შრომასა და თავდადებას მოითხოვს.

როცა მეასე თამაში უნდა ჩამეტარებინა, კორონავირუსის პანდემია დაიწყო და რაგბის გარეშე დიდი ხნის გატარება მომიწია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ როგორც იქნა, მეასე მატჩი ჩავატარე. ძნელია, როცა გუნდთან ერთად არ იმყოფები და ის შენს გარეშე არსებობას განაგრძობს, თუმცა ჩემ შემთხვევაში, ეს იმაში გამოიხატებოდა, რომ მოედანზე ვერ გავდიოდი. მოედნის მიღმა, თავს გუნდის ნაწილად ვგრძნობდი, რადგან ჩემს მეგობრებთან და თანაგუნდელებთან კონტაქტი სულ მქონდა.

გერმანიასთან მატჩი ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი თამაში იყო. ძალიან ვნერვიულობდი, როცა სათადარიგოთა სკამიდან მოედანზე გავედი და ვფიქრობდი, რომ მაქსიმუმი უნდა გამეკეთებინა. ჩემი სადებიუტო შეხვედრიდან დღემდე, საქართველომ უდიდეს პროგრესს მიაღწია. როცა პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, სავარჯიშოდ ნორმალური სტადიონიც არ გვქონდა. ძალიან რთული პერიოდი იყო, მაგრამ დღესდღეობით, ყველაფერი სხვანაირადაა. ახალ თაობას გაუმართლა, ასეთი მაღალი დონის ინფრასტრუქტურა რომ აქვს და ეს ჩვენი ასაკობრივი გუნდებისა და ეროვნული ნაკრების შედეგებზეც ისახება. დღესდღეობით, რაგბი საქართველოში პროფესიონალური სპორტია“.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ გერმანია დიდი ანგარიშით, 75:12 დაამარცხა. მალაღურაძე მეხუთე ქართველი მორაგბე გახდა, რომელმაც ნაკრებში 100 თამაში ჩაატარა. 100-მატჩიან ზღვარს გადაბიჯებული აქვთ დავით კაჭარავას (122), მერაბ კვირიკაშვილს (115), სანდრო თოდუას (103), გიორგი ჩხაიძეს (100) და ახლა უკვე ლაშა მალაღურაძესაც.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვალენსია მამარდაშვილის გაყიდვას აპირებს - მისი შემცვლელიც შერჩეული ჰყავთ
ვალენსია მამარდაშვილის გაყიდვას აპირებს - მისი შემცვლელიც შერჩეული ჰყავთ