Guardian-ის სტატია 6 ერზე - „გაფართოება საუკეთესო ვარიანტია“
ავტორიტეტულმა გამოცემამ, Guardian-მა 6 ერის ტურნირს საინტერესო სტატია მიუძღვნა და ცვლილებებზე ისაუბრა, რომლებიც შესაძლოა, სარაგბო სამყაროში ვიხილოთ. ბრიტანულმა გაზეთმა იტალიის ნაკრების ბოლოდროინდელ ასპარეზობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ „აძურიმ“ კრიტიკოსები დაადუმა.
„იტალია კარგად გამოიყურება და აძურიმ თავის შეხვედრებში მატჩისწინა ინტრიგა დააბრუნა, რითაც გააჩუმა ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ იტალიას 6 ერისთვის არაფერი მოჰქონდა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ამ ტურნირის მომავალთან დაკავშირებით, შეკითხვები ჩნდება. ექვსმა ერმა ახლახან დაადასტურა, რომ აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე ტომ ჰარისონი დანიშნა. ეს უკანასკნელი რაგბში კრიკეტიდან მიდის და თუ გავითვალისწინებთ, Hundred-ის (ლიგა კრიკეტში) შექმნაში რამხელა წვლილი შეიტანა, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ არის პიროვნება, რომლისთვისაც სტატუს-კვო გადამწყვეტი არაა.
რთული წარმოსადგენი არაა, დიდი ფულის მქონე სამხრეთ აფრიკის კავშირის 6 ერში მიწვევა, რასაც შესაძლოა, საქართველოსთვის, ესპანეთისთვის, პორტუგალიისთვის ან სხვებისთვის გაგზავნილი წერილებიც მოჰყვეს. იტალიის ნაკრების მიერ ნაჩვენები თამაშიდან გამომდინარე, 6 ერის შემცირება ან აძურის გაგდება კარგი იდეა არ გახლავთ. ერთადერთი პროაქტიული ვარიანტი რაიმე სახის გაფართოებაა. ეს უახლოეს პერიოდში არ მოხდება, მაგრამ 6 ერის 8 ერად ქცევის, როგორც ეთიკურ, ისე ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული არგუმენტების რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება. სულერთია, ტრადიციონალისტებს ეს იდეა მოსწონთ თუ არა. რა აზრის ხართ ტურნირზე, რომლის 8 მონაწილეც 2 ჯგუფში გადანაწილდება და 3-3 შეხვედრას გამართავს? ჯგუფური ეტაპის შემდეგ, პლეიოფები დაიწყება და არა მხოლოდ ჩემპიონის, არამედ ბოლოადგილოსნის ვინაობაც გაირკვევა, რომელიც სურვილის შემთხვევაში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულს დაუპირისპირდება, ეს კი საშუალებას მოგვცემს, რაგბი მთელი ევროპის მასშტაბით გავრცელდეს“, - წერს Guardian-ი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა 2022 წელს, 6 ერის ორი წარმომადგენელი დაამარცხა. „ბორჯღალოსნებმა“ ჯერ იტალიას მოუგეს, შემდეგ კი უელსს სძლიეს.