პირველი გაშვებული გოლი და წაგება - რუსთავი გაგრასთან დამარცხდა
Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში წელს დაწინაურებული „რუსთავისთვის“ მეოთხე ტური წარუმატებელი გამოდგა. გია ცეცაძის მომზადებულ გუნდს ამ ტურამდე არც მარცხი ჰქონდა განცდილი და არც გოლი გაშვებული, „გაგრასთან“ შეხვედრაში კი მათთვის ეს ორივე სასიამოვნო სერია შეწყდა და ქვემო ქართლელები 1:2 დამარცხდნენ.
შეხვედრის დასაწყისი რუსთაველებისთვის მშვენიერი აღმოჩნდა და მერვე წუთზე დავით უბილავას ტექნიკური გადაცემა ჟან ალმეიდამ ასეთივე გოლით დააგვირგვინა. სტუმრებმა შესვენების შემდეგ სიტუაცია გამოასწორეს და 58-ე წუთზე უკრაინელმა ანდრეი ანდრეიჩუკმა ეფექტური დარტყმით წონაწორობა აღადგინა. შეხვედრის დასრულებამდე ექვსი წუთით ადრე კი, გამარჯვების გოლი დავით მუჯირმა გაიტანა, რომელიც მეკარე პაპუნა ბერუაშვილს ცუდად მოგერიებულ ბურთს საჭირო ადგილას დახვდა.
ცნობისათვის, მომდევნო მეხუთე ტურში „რუსთავი“ სტუმრად „სამგურალს“ დაუპირისპირდება, ხოლო „გაგრა“, რომელმაც დღეს Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის წლევანდელ სეზონში პირველად გაიმარჯვა, მოქმედ ჩემპიონს „იბერიას“ უმასპინძლებს.