ლებრონ ჯეიმსი, რასელ უესტბრუკი, რუი ჰაჩიმურა, შეი გილჯეს-ალექსანდერი, ჯეილენ უილიამსი
Aa
Aa

მეფემ კარიმს გადაასწრო - ლებრონი NBA-ის ყველა დროის საუკეთესო მექულეა

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ სუპერვარსკვლავმა, ლებრონ ჯეიმსმა ისტორია დაწერა. „მეფემ“ „ოკლაჰომა სითი თანდერის“ წინააღმდეგ ფენომენალური შეხვედრა ჩაატარა და მესამე მეოთხედის დასრულებამდე 10.9 წამით ადრე, 36-ე ქულა ჩააგდო, რაც ლეგენდარული კარიმ აბდულ-ჯაბარის მიღწევის გასაუმჯობესებლად საკმარისი აღმოჩნდა და „მეფე“ NBA-ის ყველა დროის საუკეთესო მექულე გახდა.

ლებრონის 36-ე ქულის შემდეგ, მატჩი შეჩერდა, რათა ეს ისტორიული მიღწევა აღენიშნათ. პარკეტზე NBA-ის კომისარი, ადამ სილვერი და ზემოთ ხსენებული აბდულ-ჯაბარი გამოჩნდნენ. ამ უკანასკნელმა ლებრონს ბურთი გადასცა, რომლითაც „მეფემ“ ისტორია დაწერა და რეკორდის დამხობა მიულოცა.

„მინდა, ლეიკერსის გულშემატკივრებს მადლობა გადაგიხადოთ. თქვენ განსაკუთრებულები ხართ. კარიმისნაირი დიადი და ლეგენდარული კალათბურთელის გვერდით დგომა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მადლობა ჩემს ლამაზ მეუღლეს, ჩემს ორ ბიჭს, ჩემს გოგონას, ჩემს მეგობრებს, ჩემს ოჯახს. მადლობა ყველას, ვინც ამ სვლის ნაწილი იყო და საშუალება მომცა, 20-ზე მეტი წელი მეთამაშა. მადლობა, რადგან თქვენ გარეშე ის არ ვიქნებოდი, ვინც ვარ. აქ თქვენმა დახმარებამ, თქვენ მიერ გაღებულმა მსხვერპლმა და თქვენმა თავდადებამ მომიყვანა. მადლობა NBA-ის, რომ მომეცით საშუალება, რაღაც განსაკუთრებულის ნაწილი ვყოფილიყავი. ამაზე მთელი ცხოვრების განმავლობაში ვოცნებობდი. ჯანდაბა... ძალიან დიდი მადლობა“, - განაცხადა ლებრონმა.

მატჩს რაც შეეხება, „ლეიკერსმა“ „ოკლაჰომას“ წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო და 130:133 წააგო. „მეფემ“ აქტივში 38 ქულა, 7 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა ჩაიწერა. რასელ უესტბრუკმა შეხვედრა 27 ქულითა და 8 პასით დაასრულა, ხოლო რუი ჰაჩიმურას ანგარიშზე 14 ქულა იყო. „ოკლაჰომას“ შეი გილჯეს-ალექსანდერმა ულიდერა - 30 ქულა, 8 პასი. ჯეილენ უილიამსმა 25 ქულა დააგროვა, ხოლო ჯოშ გიდიმ - 20.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სლოვანის გამარჯვება - ქართველების გუნდი 1/4-ფინალშია
სლოვანის გამარჯვება - ქართველების გუნდი 1/4-ფინალშია