იანის მენეჯერი: „დვალიშვილი პიოტრისთვის უხერხული მეტოქე ნამდვილად არაა“
მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქის, პიოტრ იანის მენეჯერმა, საიატ აბდრახმანოვმა „მანქანაზე“ და მასთან ჩანიშნულ ჩხუბზე ისაუბრა. აბდრახმანოვი Metaratings-ს ელაპარაკა და განაცხადა, რომ იანისთვის დვალიშვილი უხერხული მეტოქე სულაც არაა.
„არ ვიცი, ხალხს ასეთი რეაქცია რატომ აქვს. პირველ რიგში, მერაბი ერთადერთია, ვინც თავისუფალი იყო და მეორეც, 5-რაუნდიან ბრძოლაში დვალიშვილი იანისთვის კომფორტული მეტოქეა. თუ ბრძოლამდე პეტიამ ტრავმა არ მიიღო, ჩხუბს კარგ ფორმაში და მოტივირებული შეხვდა, მაშინ მერაბი მისთვის ძალიან მოსახერხებელი მეტოქე იქნება“.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა ლეგენდარული ჟოზე ალდოს წინააღმდეგ გამართა. „მანქანამ“ მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა და წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, თავისი წონითი დივიზიონის რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა ამ წუთისთვის, მესამეა.
იანს რაც შეეხება, რუსმა ბოლოს შონ ომალის წინააღმდეგ იჩხუბა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა, თუმცა ბევრი ქომაგის აზრით, მოგება მას ეკუთვნოდა. რუს მებრძოლს კარიერაში 20 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 16 მოგება და 4 მარცხია. იანმა ბოლო 4 შეხვედრიდან 3 დათმო და სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში მე-2 ადგილი სწორედ მას უკავია.