ცნობილი ოსი მებრძოლი მატარებელში გარდაცვლილი იპოვეს
რუსეთში, MMA-ს ცნობილი ოსი მებრძოლი, გიორგი გაგლოევი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა ქალაქ როსტოვში მოხდა. Baza-ს Telegram-არხის ინფორმაციით, გაგლოევის გვამი მატარებელში აღმოაჩინეს, როდესაც მებრძოლი მოსკოვიდან ვლადიკავკასში მიემგზავრებოდა.
არხის მტკიცებით, გაგლოევი ძალადობრივი სიკვდილით გარდაიცვალა, უფრო კონკრეტულად კი ის ბალიშით გაგუდეს. კიდევ ერთი, 112 წერს რომ მებრძოლის გარდაცვალება კრიმინალური ხასიათის არ არის და ის ფილტვის ემბოლიის შედეგად დაიღუპა.
საგულისხმოა, რომ გაგლოევის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე მისი დეიდა გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. სიკვდილამდე, ადამა არსაევა-გაგლოევა გაუჩინარდა და დეიდამისის მოსაძებნად გიორგი გაგლოევმა სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც დახმარებას ჩეჩნეთის რესპუბლიკის მმართველს, რამზან კადიროვსაც სთხოვა.
მოგვიანებით, გაგლოევას ცხედარი ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან იპოვეს. ირკვევა, რომ მებრძოლის დედა ინგუშეთში ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა, თუმცა რუსული ანტიპროპაგანტისტული მედია საეჭვო გარემოებებზე მიუთითებს. კერძოდ, ადამა გაგლოევა გროზნოს აეროპორტიდან ტაქსით წამოვიდა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი მანქანა ბენზინგასამართი სადგურის ოფისს შეეჯახა. კამერებში კარგად ჩანს, რომ მძღოლი მანქანიდან თავისი ფეხით გადმოდის და უცნობ ავტომობილში ჯდება, რის შემდეგაც მანქანა ჩეჩნეთისკენ გადაადგილდება, ადამა გაგლოევა კი ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების მანქანას გარდაცვლილი დახვდა. ვარაუდობენ, რომ ავარიამდე ტაქსის მძღოლმა ადამა გაგლოევა მოკლა და შემდეგ ავარიის სცენა გაითამაშა. ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს ადგილობრივი ოლქის სამართალდამცავი ორგანო და ქალბატონის სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად ავარიის შედეგად მიღებულ დაზიანებებს ასახელებს.