„ისლამი მიწაზე დაუღლელია, ის მადალენას ეთამაშებოდა“ - მასვიდალის პროგნოზი
ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, ცხადი გახდა ის ფაქტი, რომ ვერსიის დონეზე მაინც განიხილებოდა თეთრი სახლის ღონისძიებაზე მათი ორთაბრძოლის ჩანიშვნა, რის გამოც ამ თემამ წინა პლანზე კიდევ ერთხელ წამოიწია. ბუნებრივია, როდესაც საქმე ასეთი დონის მებრძოლებს ეხება, განსხვავებული მოსაზრებებიც არსებობს და შესაბამისად, ხორხე მასვიდალსაც ქართველსა და დაღესტნელს შორის შეხვედრის შემთხვევაში ფავორიტის არჩევა გაუჭირდა.
ხორხე მასვიდალი
ვხედავ როგორ აგდებს ისლამი ილიას მიწაზე და იქ დიდხანს აკონტროლებს, ან ილია დაიჭერს ისლამს და დაარტყამს, რადგან „ელ მატადორი“ ძალიან სწრაფია. მახაჩევი პარტერში არასოდეს იღლება, მიწაზე ნებისმიერი მოძრაობის შესრულება შეუძლია და ფეხზე იოლად დგება. მადალენას ფანტასტიური კრივი აქვს, მაგრამ რა გააკეთა? ვერაფერი, ისლამი მას უბრალოდ ეთამაშებოდა“
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია 14 ივნისს, თეთრი სახლის ღონისძიების მთავარი ბრძოლის მონაწილე იქნება და მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ტიტულს პირველად ამავე წონის დროებით ჩემპიონთან, ჯასტინ გეიჯისთან დაიცავს. რაც შეეხება ისლამ მახაჩევს, როგორც მისმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, ხელის ტრავმა აწუხებს და ჯერჯერობით უცნობია, როდისთვის ჩაუნიშნავენ ბრძოლას ქვესაშუალო წონის საჩემპიონო ქამრის მფლობელს.