UFC-ის 12 მებრძოლი, რომლებიც დოპინგზე ყველაზე მეტჯერ შეამოწმეს - დოლიძე ერთ-ერთია
UFC-ი და აშშ-ს ანტი-დოპინგის სააგენტო 8 წელია თანამშრომლობენ. 2022 წელს, USADA-მ 755 მებრძოლი შეამოწმა და საერთო ჯამში, 4 183 ტესტი ჩაატარა. ანტი-დოპინგის სააგენტომ საკუთარ ვებგვერდზე შარშანდელი მონაცემები გამოაქვეყნა და ცნობილი გახდა, UFC-ის 12 მებრძოლის ვინაობა, რომლებიც ყველაზე მეტჯერ შეამოწმეს.
ტოპ 12-ში საქართველოს წარმომადგენელსაც ვხედავთ და ეს მებრძოლი რომან დოლიძეა. „კავკასიელს“ ჰენრი სეხუდოს, ისრაელ ადესანიასა და ამანდა ლემოსს ტესტის ჩაბარება 13-13-ჯერ მოუწიათ. ხორხე მასვიდალი, როუზ ნამაიუნასი და მიშა ცირკუნოვი 14-14-ჯერ შეამოწმეს. კამარუ უსმანი კი - 15-ჯერ.
The 12 #UFC fighters tested by USADA the most in 2022 https://t.co/3mDn5XieWx
— MMA Junkie (@MMAJunkie) January 8, 2023
პირველ პოზიციაზე ირჟი პროხაზკას ვხედავთ. ამ უკანასკნელს დოპინგ-ტესტის გავლა 64-ჯერ მოუწია, რაც ბევრად მეტია, ვიდრე მეორეადგილოსანი პაულო კოსტას ტესტების რაოდენობა - 20. მესამე ადგილზე მანუელ გომესი იმყოფება - 17, ხოლო მეოთხე ნილ მაგნია - 16.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს, რომანმა 3 ბრძოლა გამართა და სამივე ნაადრევად დაასრულა. „კავკასიელმა“ ჯერ კაილ დაუკაუსი დაანოკაუტა, შემდეგ ფილ ჰოუსი დააფინიშა, ბოლოს კი ჯეკ ჰერმანსონთან იმარჯვა და საშუალო წონითი დივიზიონის ტოპ 10-ში შეაბიჯა.