ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„პენალტის შემსრულებელი კვარაა, მას უნდა დაერტყა“ - სპალეტი სამპდორიასთან მატჩის შემდეგ

იტალიის სერია A-ს მე-17 ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „სამპდორიას“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 0:2 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და ის ლუჩანო სპალეტიმ 62-ე წუთზე, ლოზანოთი შეცვალა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ განვლილი მატჩი შეაფასა და ქართველი ფეხბურთელის შესახებაც ისაუბრა.

დღევანდელ შეხვედრაზე: „არავისთვის დასამტკიცებელი არაფერი არ გვქონია. მატჩი მოვიგეთ და სიტუაციებს კარგად ვმართავდით. შესაძლებელი იყო, რომ რთული მატჩი გამხდარიყო, თუმცა მეტოქის ფეხბურთელის გაძევებამ საქმე გაგვიადვილა. ასევე, პენალტის გაფუჭების შემდეგ შესაძლოა სხვა შედეგი დამდგარიყო, მაგრამ „ნაპოლიმ“ სიმტკიცე და მობილიზება გამოავლინა. იმის მიუხედავად, რომ მეტოქე 10 კაცით გვეთამაშებოდა, თავისუფალ სივრცეებს თითქმის არ გვაძლევდნენ. ეძებდნენ ეპიზოდებს, რომ მატჩი გადაერჩინათ. საერთო ჯამში, ორივე გუნდმა შესანიშნავად ითამაშა“.

პენალტის ეპიზოდზე: „რაც შეეხება პენალტს, ვფიქრობ მთავარი დამრტყმელი კვარაა და ეს საკუთარ თავზე უნდა აეღო. თუმცა, თუ სხვა მოისურვებს ამას და ფეხბურთელები დაეთანხმებიან, ეს მისასალმებელია. ამ შემთხვევაში პოლიტანომ აიღო პასუხისმგებლობა, მან იცის როგორ უნდა შეასრულოს, თუმცა ამ ჯერზე არ გამოუვიდა. ეს ძლიერ პიროვნებაზე მიუთითებს“.

ხვიჩას თამაშზე: „კვარამ დღეს ყველა ასპექტში შესანიშნავად ითამაშა. ის მოედანზე პირველივე წუთებიდან  ცდილობდა მეტოქის ტერიტორიაზე სივრცეების შეექმნას. რატომ გავიყვანე? ამაში უცნაური არაფერია. 5 შეცვლა მაქვს და ვისაც მინდა გავიყვან. ზოგჯერ დაჟინებულად მთხოვენ, რომ ესა, თუ ის ფეხბურთელი დავაყენო, თუმცა ისე მოვიქცევი, როგორც საჭიროდ ჩავთვლი. ფიქრობს თუ არა ბევრს? ფიქრი ყოველთვის კარგია. მას რიტმის პოვნა სჭირდება. ზურგის ტრავმის გამო გარკვეული პერიოდი გამოტოვა და ეს ნორმალურია. მან ნამდვილად კარგად ითამაშა", “.

17 ტურის შემდეგ „ნაპოლის“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 44 ქულა დაუგროვდა და კვლავ პირველ ადგილზე იმყოფება. ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრაში „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება. მატჩი 13 იანვარს, დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე საქართველოს დროით 23:45 საათზე გაიმართება.

ხვიჩას ყველა მომენტი სამპდორიასთან:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წლის დიასპორელი სპორტსმენი - გიორგი მამარდაშვილის აღიარება
წლის დიასპორელი სპორტსმენი - გიორგი მამარდაშვილის აღიარება