ჭიკაძე: „ჩხუბი ძალიან მიყვარს, უარს არასდროს არავის ვეუბნები“
UFC-ის ქართველი მებრძოლი, გიგა ჭიკაძე MMA Hoje-ს სტუმარი იყო და საკუთარ ჯანმრთელობაზე ისაუბრა. „ნინძამ“ დაადასტურა, რომ მომდევნო ბრძოლა „კორეელი ზომბის“ წინააღმდეგ უნდა გაემართა, მაგრამ მისმა მეტოქემ ტრავმა მიიღო და ოქტაგონზე გასვლაზე უარის თქმა მოუწია.
„კატართან ბრძოლის შემდეგ, რამდენიმე ოპერაცია ჩავიტარე და ბოლო ქირურგიული ჩარევის შემდეგ, ჩხუბის გამართვას ვითხოვდი. პროტოკოლის მიხედვით, ასეთი ბრძოლის შემდეგ, რომელშიც ისეთი დაზიანებები მივიღე, როგორებიც აქამდე არ მქონია, ექიმებმა მოცდა მომთხოვეს. ჩხუბის უფლება მაისში მივიღე. მას შემდეგ, მეტოქეს ვითხოვდი, მაგრამ არაფერი გამოვიდა.
თავდაპირველად, სოდიქ იუსუფის წინააღმდეგ უნდა მეჩხუბა. მოსამზადებელი ეტაპი გავიარე და ბრძოლამდე ერთი თუ ორი კვირით ადრე, მითხრეს, რომ ოქტაგონზე დაბრუნების უფლება ოფიციალურად არ მქონდა მიღებული და ტესტები უნდა გამევლო. ექიმებმა მომთხოვეს, სხვადასხვა შტატში ჩავსულიყავი და მათ კოლეგებს შევხვედროდი. საბოლოოდ, კორეელ ზომბისთან ჩხუბს დავთანხმდი, რომელიც თებერვალში უნდა გამართულიყო, მაგრამ მხრის ტრავმის გამო, მას უარის თქმა მოუწია. ახლახან, ექიმმა დამირეკა და მითხრა, რომ ტესტები კიდევ უნდა ჩავიტარო, ეს ყველაფერი კი ძალიან დამღლელია, რადგან ჩხუბი ძალიან მიყვარს და უარს არასდროს არავის ვეუბნები. ჩემი მიზანი, ოქტაგონზე დაბრუნება და ოცნების ახდენაა“.
შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძე ოქტაგონზე ბოლოს 2022 წლის იანვარში ვიხილეთ. ქართველი მებრძოლი მაშინ კელვინ კატარს შეხვდა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. გიგას MMA-ს ეგიდით 17 ბრძოლა აქვს გამართული, აქედან 14 შემთხვევაში გაიმარჯვა, 3-ჯერ კი დამარცხდა. UFC-ში „ნინძას“ ანგარიშზე 7 მოგება და 1 წაგებაა.