ბასილაშვილი მეცის ტურნირს გამოეთიშა
საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთში, მეცის საერთაშორისო ტურნირს გამოეთიშა.
1/8 ფინალში ქართველი ჩოგბურთელი მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს, ATP-ის რეიტინგის მე-60 ნომერ არტურ რინდერკნეხს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, ორ სეტში - 6:7 (11:3), 3:6 დამარცხდა.
გადამწყვეტი ალბათ უფრო პირველი სეტი გამოდგა. იმის მიუხედავად, რომ ბასილაშვილი სეტს 2:4 აგებდა, ქართველმა ჩოგბურთელმა გათანაბრება და წინ გასვლაც შეძლო, თუმცა თავის მხრივ, არც ფრანგი დანებდა და საბოლოოდ სეტის გამარჯვებული ტაი-ბრეიკმა გამოავლინა, რომელშიც უფრო ძლიერი რინდერკნეხი აღმოჩნდა.
სამწუხაროდ, მეორე სეტში ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქეს დიდი ვერაფერი დაუპირისპირა. სეტის ნახევრამდე თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა, თუმცა 3:3-დან უპირატესობა ფრანგმა ჩოგბურთელმა გადაიბარა და საბოლოოდ, გეიმიც დამსახურებულად მოიგო.
ცნობისთვის, ბასილაშვილმა პირველ წრეში ATP რეიტინგის 134-ე ნომერი, ზიზუ ბერგსი დაამარცხა. საგულისხმოა, რომ ნიკა ამ შეხვედრასაც აგებდა და რომ არა მეტოქის ტრავმა, დიდი შანსი იყო ქართველი ჩოგბურთელი ტურნირს პირველივე წრეში დამშვიდობებოდა.