უაღრესად დაძაბული მატჩი - საქართველო მონტენეგროსთან 9:10 დამარცხდა
Aa
Aa

უაღრესად დაძაბული მატჩი - საქართველო მონტენეგროსთან 9:10 დამარცხდა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე შეხვედრა გამართა. ბრაზილიასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ქართველი წყალბურთელები მონტენეგროს დაუპირისპირდნენ და უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში 9:10 დამარცხდნენ.

მონტენეგრომ კარგად დაიწყო და პირველი პერიოდი 4:1 მოიგო. მეორე რვაწუთეული ჩვენი ნაკრების კარნახით წარიმართა და ნიკოლოზ შუბლაძემ კარი მშრალად შეინახა, ჩვენებმა კი მეტოქეს 3 ბურთი გაუტანეს და პირველი ტაიმი ფრედ, 4:4 დასრულდა. მეორე ნახევრის სტარტი მონტენეგროელების იყო. ისინი წინ სამი ბურთით გავიდნენ, თუმცა საქართველოს ნაკრებმა თამაშში დაბრუნება მოახერხა და გადამწყვეტი პერიოდის წინ, ჩამორჩენა 1 ბურთამდე დაიყვანა. მეოთხე რვაწუთეულში ანგარიში გავათანაბრეთ, თუმცა მეტოქე დაწინაურდა და გულშემატკივრებმა საოცარი ფინიში იხილეს. შეხვედრის დასრულებამდე წამებით ადრე, საქართველოს შესანიშნავი შანსი ჰქონდა, რომ წონასწორობა აღედგინა, მაგრამ ორი ძალიან ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოვიყენეთ და დასანანი მარცხი ვიწვნიეთ.

შეგახსენებთ, რომ 2 თამაშის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 1 მოგება და 1 წაგება აქვს. ჩვენი გუნდი მომდევნო შეხვედრას უნგრეთის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც როგორც ჯგუფის, ისე ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი გახლავთ. მატჩი 25 ივნისს გაიმართება და თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატზე:

ბორის ვაპენსკი, ანდრია ბითაძე, ნიკოლოზ შუბლაძე, დუშან ვასიჩი, ნიკა შუშუნაშვილი, ირაკლი რაზმაძე, სანდრო ადეიშვილი, ვალიკო დადვანი, მარკო ელაჩა, ხვიჩა ჯახაია, ივან სარიჩი, რევაზ იმნაიშვილი, ფაბიო ბარალდი.

მსოფლიო ჩემპიონატის წესდების მიხედვით, საწყის ეტაპზე გუნდები ოთხ ჯგუფად არიან გაყოფილნი. ფლეი-ოფში თითო ჯგუფიდან სამი გუნდი გადის. ბრაზილიის დამარცხებით საქართველოს ნაკრებმა მომდევნო ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

ფოტო: საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები