რუბლევი დამარცხებულია - ბასილაშვილი ჰალეს მერვედფინალშია
Aa
Aa

რუბლევი დამარცხებულია - ბასილაშვილი ჰალეს მერვედფინალშია

საჩოგბურთო სამყაროში ბალახის სეზონი დაიწყო. ჰალეს ღია პირველობაზე ნიკოლოზ ბასილაშვილი იღებს მონაწილეობას, რომელიც პირველ წრეში გამოცდილ ანდრეი რუბლევს დაუპირისპირდა და ორ სეტში 7:6 6:4 დაამარცხა.

პირველი სეტი ქართველი ჩოგბურთელისთვის საკმაოდ დაძაბული გამოდგა. რუბლევმა პირველივე გეიმში ბრეიკი შეასრულა და წინ გავიდა, თუმცა შემდეგ „ჩვენებური“ გამოცოცხლდა და ზედიზედ ორჯერ მოახერხა მეტოქის ჩაწოდების მოგერიება.

ბასილაშვილი 5:2-ს იგებდა, თუმცა რუბლევმა ბოლომდე იბრძოლა, ანგარიში გაათანაბრა და საბოლოოდ სეტი ტაი-ბრეიკში გადავიდა, სადაც ბასილაშვილმა მეტოქე კორტიდან გააქრო და 7:1 მოუგო.

მეორე სეტი ნიკოლოზის სცენარით წარიმართა. იმ დროს, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, ქართველმა ჩოგბურთელმა ბრეიკი შეასრულა წინ გავიდა და გამარჯვების შანსი ხელიდან აღარ გაუშვია. ბასილაშვილმა თავის ჩაწოდებაზე კარგად ითამაშა და მატჩი მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ჰალეს ტურნირზე ეს მოთამაშეები ერთმანეთს ნახევარფინალში შეხვდნენ, სადაც გამარჯვება რუს ჩოგბურთელს დარჩა. ასევე გეტყვით, ნიკოლოზი და ანდრეი ერთმანეთს ისტორიაში მეექვსედ დაუპირისპირდნენ და ანგარიში საყაიმოა 3:3.

ცნობისთვის, საქართველოს პირველი ნომერი შემდეგ წრეში კეჩმანოვიჩსა და ოსკარ ოტეს გამარჯვებულს შორის შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები