„გააკეთე რასაც გეუბნებოდი“ - ტუხელი პიკფორდს დაუპირისპირდა
ინგლისის ნაკრებმა მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის პირველივე ტურში ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა და მიუხედავად იმისა, რომ „სამ ლომს“ ხორვატიის სახით საკმაოდ სერიოზული მეტოქე ჰყავდა, ალბიონელებმა შემტევი, სანახაობრივი ფეხბურთის ხარჯზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. თუმცა, მატჩის მიმდინარეობისას იყო ეპიზოდი, როდესაც ინგლისელთა ბანაკში სიტუაცია აირია და ამის შესახებ საჯარო ინფორმაციებიც გავრცელდა.
Fox-ის კორესპოდენტის ჯეფ შრივზის ცნობით, ტომას ტუხელი ერთ მომენტში მეკარე ჯორდან პიკფორდის მოქმედებებით უკმაყოფილო დარჩა და შენიშვნები საჯაროდ მისცა. პირველ ტაიმში, როდესაც პიკფორდი არახელსაყრელ ვითარებაში იყო, მაინც მოკლე გადაცემის გაკეთება გადაწყვიტა, რითაც აღშფოთებული ტუხელი მოედნის კიდესთან გაიქცა და მეკარეს დაუყვირა: „არა, ბურთი მარჯვენა მცველის გავლით აიტანე, ასე ნუ თამაშობ, კარგად იცი როგორ უნდა მოიქცე და გააკეთე ის, რასაც გეუბნებოდი“.
ამის თაობაზე მატჩის დასრულების შემდეგ შეკითხვა ინგლისის ნაკრების მეკარეების მწვრთნელს ენტონი ბარისაც დაუსვეს და მას არც უფიქრია იმის უარყოფა, რომ ტუხელი პიკფორდით უკმაყოფილო იყო: „ჯორდანის გამო მოკლე პასებით ვთამაშობდით მაშინ, როდესაც გრძელი გადაცემები იყო საჭირო და გრძელ გადაცემებს მივმართავდით ისეთ მომენტებში, როდესაც მოკლე პასები იყო აუცილებელი“.
ცნობისათვის, ინგლისელები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში განის ნაკრებს დაუპირისპირდებიან და თამაში 23 ივნისს, თბილისის დროით ღამის თორმეტ საათზე დაიწყება.