ჰარი კეინი, ტომას ტუხელი, ჯუდ ბელინგემი, დეკლან რაისი
Aa
Aa

6 გოლი, ბევრი მომენტი და მაგარი მატჩი | ინგლისმა ხორვატია 4:2 დაამარცხა

მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთმა ფავორიტმა, ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა, პირველი შეხვედრა ხორვატიის წინააღმდეგ გამართა. ფეხბურთის გულშემატკივრებმა მიმდინარე მუნდიალის ჯერჯერობით საუკეთესო შეხვედრა იხილეს, რომელიც „სამმა ლომმა“ 4:2 მოიგო.

პირველ ტაიმში ოთხი გოლი გავიდა და მატჩში ანგარიში მე-12 წუთზე გაიხსნა. ინგლისის ნაკრებმა პენალტის დარტყმის უფლება მიიღო, რომელიც ჰარი კეინმა პირველი ცდიდან ვერ გამოიყენა, თუმცა, ვინაიდან დომინიკ ლივაკოვიჩმა კარის ხაზი ნაადრევად დატოვა, მსაჯმა პენალტი ახლიდან დაარტყმევინა და კეინმა მეორედ შეცდომა აღარ დაუშვა — 1:0.

ხორვატიამ წონასწორობა 36-ე წუთზე აღადგინა. პეტარ სუჩიჩმა მეტოქის საჯარიმოში ბრწყინვალედ იმოქმედა და მარტინ ბატურინას პასი გაუკეთა, რომელმაც ლამაზი, შორეული დარტყმით ჯორდან პიკფორდის კარი აიღო — 1:1.

42-ე წუთზე კეინმა დუბლი გაიფორმა — დეკლან რაისის კუთხურის შემდეგ ჰარი მეორე სართულზე შესანიშნავი იყო და „სამი ლომი“ წინ კიდევ ერთხელ გაიყვანა.

კეინის გოლის მიუხედავად, ტომას ტუხელის ბიჭებმა პირველი ტაიმი მაინც ვერ მოიგეს. დამატებულ მეხუთე წუთზე ივან პერიშიჩმა ბრწყინვალედ ითამაშა, პეტარ მუსას საოცარი პასი გაუკეთა და ამ უკანასკნელმა პიკფორდს შანსი არ დაუტოვა — 2:2.

„სამმა ლომმა“ მეორე ტაიმი ფენომენალურად დაიწყო. 47-ე წუთზე ჯუდ ბელინგემმა ლივაკოვიჩს შანსი არ დაუტოვა და საკუთარი გუნდი დააწინაურა — 3:2.

მომდევნო 10 წუთში ინგლისის ნაკრებს გოლის გატანის რამდენიმე რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა ხორვატთა მეკარემ საოცარი სეივები მიითვალა და „სამ ლომს“ კომფორტული უპირატესობის მოპოვების საშუალება არ მისცა.

85-ე წუთზე ინგლისის ნაკრებმა წერტილი დასვა. „სამმა ლომმა“ მეტოქე კონტრშეტევაზე დაიჭირა და ბუკაიო საკას გადაცემა მარკუს რაშფორდმა გამოიყენა — 4:2.

ცნობისთვის, ინგლისის ნაკრები მომდევნო შეხვედრას 23 ივნისს, განას წინააღმდეგ გამართავს, ხორვატია კი პანამას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როდესაც ვნახე, პირველი, რაც მითხრა, იყო ის, რომ...“ - რას ამბობს თოფურია მენეჯერი
„როდესაც ვნახე, პირველი, რაც მითხრა, იყო ის, რომ...“ - რას ამბობს თოფურია მენეჯერი