“მინდოდა ახალი კონტრაქტი დამემსახურებინა“ - რუდიგერის ვრცელი ინტერვიუ
ანტონიო რუდიგერმა, რომელიც ამჟამად გერმანიის ნაკრების ბანაკში, აშშ-ის ქალაქ ვინსტონ-სალემში იმყოფება, მადრიდის რეალში მიმდინარე ცვლილებებსა და საკუთარ მომავალზე ისაუბრა.
გერმანელმა მცველმა განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოხატა ჟოზე მოურინიოსთან მუშაობის შესაძლებლობის გამო.
„ბევრს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან გახარებული ვარ. ბოლოს და ბოლოს, მისი ხელმძღვანელობით ვითამაშებ.
წარსულში მასთან არაერთი საუბარი მქონდა, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო ერთად მუშაობა ვერ მოხერხდა. ამიტომ ახლა კიდევ უფრო ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს გუნდში მოვიდა,“ — განაცხადა რუდიგერმა.
გერმანელმა უკანახაზელმა საკუთარ მომავალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასული სეზონის სირთულეების მიუხედავად, „რეალის“ დატოვებაზე არასოდეს უფიქრია.
„გასული წელი ძალიან რთული იყო, განსაკუთრებით ფიზიკურად. ტრავმებთან ბევრი ბრძოლა მომიწია, თუმცა დაბრუნება მოვახერხე.
მადრიდი პრაქტიკულად ჩემი სახლია. აქ ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, ჩემი ოჯახიც ბედნიერია, ამიტომ სხვა ვარიანტებზე საერთოდ არ მიფიქრია.
მხოლოდ ფორმაში დაბრუნება და ახალი კონტრაქტის დამსახურება მინდოდა. საბოლოოდ ეს შევძელი.“
ტრანსფერებზე საუბრისას რუდიგერმა აღნიშნა, რომ მსოფლიოს დონის ფეხბურთელები ყოველთვის მისასალმებლები არიან, თუმცა განსაკუთრებული ღიმილით უპასუხა კითხვას ნიკო შლოტერბეკის შესაძლო ტრანსფერზე.
„კარგი ფეხბურთელები ყოველთვის მისასალმებლები არიან. მეტს ამ თემაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მისი მოსვლა ძალიან გამიხარდებოდა.“
ანტონიომ დორტმუნდის მცველის თამაშიც შეაქო.
„ნიკო განსაკუთრებით სტანდარტული მდგომარეობების დროს შეტევაში მუდმივად საფრთხეს ქმნის. ორთაბრძოლებში ძალიან აგრესიული და ბოლომდე ჩართულია.
გარდა ამისა, მისი ბურთის განაწილების უნარი მართლაც გამორჩეულია. მისი მარცხენა ფეხი ოქროა — ეს აუცილებლად უნდა ითქვას.“
საუბრის ბოლოს რუდიგერმა მადრიდული კლუბის ბოლო ორი სეზონიც შეაფასა.
„ბოლო ორი წელი ჩვენთვის რთული იყო. ვერ მივაღწიეთ იმ წარმატებას, რასაც ველოდით.
მაგრამ თუ ჩვენს შემადგენლობას შეხედავთ, გვყავს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან მბაპე, ვინი და ბელინგემი — სწორედ ისინი არიან ის მოთამაშეები, რომლებიც გადამწყვეტ მომენტებში ყოველთვის საკუთარ თავზე იღებენ პასუხისმგებლობას.“
შეგახსენებთ, რომ ანტონიო რუდიგერი მადრიდულ გრანდს 2022 წელს შეუერთდა. 2022 წლიდან დღემდე, ყველა ტურნირზე ერთად 182 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.