ლეოს მამის ჯანმრთელობის პრობლემები დაადასტურა - მესის ოჯახის განცხადება
ლიონელ მესის ოჯახმა 38 წლის ფეხბურთელის მამის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხორხე მესის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა და მისი მდგომარეობა ამ კვირაში გაუარესდა. ვრცელდებოდა ვერსია, რომ სწორედ ეს გახდა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში ალჟირის ნაკრების კარში (3:0) გატანილი პირველი გოლის შემდეგ მესის ემოციების მიზეზი.
„მესის ოჯახი იტყობინება, რომ ამჟამად ხორხე მესი ჯანმრთელობის პრობლემებს ებრძვის.
ამ დროისთვის ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, გადის რეაბილიტაციას და მისი მდგომარეობა უმჯობესდება.
ბოლო საათებში გავრცელებული სპეკულაციების ფონზე, ოჯახს სურს გამოხატოს ღრმა უკმაყოფილება იმ მგრძნობელობის, პატივისცემისა და სიფრთხილის ნაკლებობის გამო, რომლითაც ზოგიერთი ადამიანი მოეკიდა ამ სრულიად პირად, ოჯახურ საკითხს.
ოჯახს ასევე სურს დააზუსტოს, რომ ხორხე მესის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სარწმუნო და ზუსტ ინფორმაციას მხოლოდ უახლოესი ნათესავები ფლობენ. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ვერსია, განცხადება თუ ინფორმაცია, რომელიც უშუალოდ ოჯახიდან და მისი ოფიციალური არხებიდან არ მოდის, არ უნდა ჩაითვალოს სარწმუნოდ ან სიმართლედ.
ასეთ მომენტებში ჩვენ ვითხოვთ პასუხისმგებლობას, კეთილგონიერებასა და ჰუმანურობას. ადამიანის ჯანმრთელობა და გარშემომყოფთა სულიერი სიმშვიდე არ უნდა გახდეს მედიის მხრიდან სპეკულაციებისა თუ უპასუხისმგებლო ინტერესის საგანი.
ჩვენ გულწრფელად ვაფასებთ იმ სიყვარულს, პატივისცემასა და ზრუნვას, რომელიც მივიღეთ, და გთხოვთ, მთელი ამ პროცესის განმავლობაში პატივი სცეთ ხორხესა და მისი მთელი ოჯახის პირად ცხოვრებას, კონფიდენციალურობასა და სიმშვიდეს.
ნებისმიერ მნიშვნელოვან ინფორმაციას ოჯახი საჭიროებისამებრ, შესაბამისი არხებით თავად მიაწვდის საზოგადოებას. გმადლობთ გაგებისთვის“,
- ნათქვამია განცხადებაში.