დიეგოც ზუსტად ასე ემზადებოდა - კიდევ ერთი პარალელი მარადონასთან
მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პირველი ტური მიილია და თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ გულშემატკივრებს ყველაზე დიდი სიამოვნება ლიონელ მესის თამაშმა მიანიჭა, რომელმაც ალჟირთან (3:0) მოგებულ შეხვედრაში ჰეთ-თრიკი შეასრულა. რაშია „ელ მონგოლიკოს“ წარმატების საიდუმლო, რომელსაც რამდენიმე დღეში 39 წელი შეუსრულდება, ამის თაობაზე ერთ-ერთმა არგენტინელმა ჟურნალისტმა საინტერესო ინფორმაციები გაასაჯაროვა.
რას წერენ მესიზე
მესის ასეთ ფორმაში ყოფნის უკან მზადების განსაკუთრებული ეტაპის გავლა დგას. სინამდვილეში ლეო საიდუმლო პროგრამით ემზადებოდა, რადგან ბოლო წლების განმავლობაში მისთვის მთავარი მსოფლიოს ჩემპიონატი იყო. „ინტერ მაიამის“ ბოლო ოთხ შეხვედრას უყურეთ? ლეო მოედანზე დაფრინავდა. ამას მოჰყვა ისლანდიასთან ამხანაგურ შეხვედრაში ცვლილებაზე შესვლა, რის შემდეგაც მატჩის სურათი მთლიანად შეცვალა.
მახსოვს, 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატსაც დიეგო მარადონა ასეთივე ენთუზიაზმით და განსაკუთრებული მობილიზებით ხვდებოდა, თუმცა ლეოს ახლა მოქმედების უფრო მეტი თავისუფლება ჰქონდა. იცით, რომ მესის „ინტერ მაიამისთან“ კონტრაქტში ჩადებული აქვს პუნქტი, რომლის მიხედვითაც თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მცირე პრობლემა მაინც შეექმნება, ნებისმიერ დროს არგენტინაში გადაფრენისა და პირად ექიმთან კონსულტაციის გავლის უფლება აქვს.
ფლორიდულ გუნდში „ელ მონგოლიკო“ მთავარი ადამიანია, რომელიც საკვანძო გადაწყვეტილებებს იღებს. მოითხოვა კლუბში როდრიგო დე პაულის მოყვანა და სურვილი მაშინვე შეუსრულეს. მწვრთნელად გილიელმო ოიოსის დანიშვნა სურდა, რომელსაც „ბარსელონას“ აკადემიიდან იცნობდა და სწორედ ეს სპეციალისტი მიიყვანეს „ინტერ მაიამიში“.
ცნობისათვის, ლიონელ მესი პირველივე ტურის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას სათავეში უდგას და მუნდიალის ყველა დროის ბომბარდირებში ყველა დროის რეკორდსმენს მიროსლავ კლოზეს გაუთანაბრდა. გარდა ამისა, ლეო გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც პლანეტის პირველობის ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა.