ილია თოფურია, მეტ ბრაუნი
Aa
Aa

ბრაუნი: შესაძლოა თოფურიას ძველი ვერსია ვეღარ ვნახოთ

ჯასტინ გეიჯისთან მარცხის შემდეგ, ილია თოფურიამ შესაძლოა ტონი ფერგიუსონის ბედი გაიზიაროს, რომელიც „ჰაილაითთან“ ორთაბრძოლის შემდეგ ოქტაგონს ძველებური აღარ დაბრუნებია - მიიჩნევს შერეული ორთაბრძოლების ვეტერანი მეთ ბრაუნი.

„ახლავე შემიძლია ვთქვა - პოტენციურად, ეს არის ბრძოლა, რომელიც ცხოვრებას ცვლის. ის შესაძლოა ძველებური აღარასდროს დაბრუნდეს. მე ვსაუბრობ არა მხოლოდ ტვინის დაზიანებებზე, არამედ ფსიქოლოგიურ ზიანზეც, თავდაჯერებულობის დაკარგვაზე, რაც ყოველთვის ილიას ერთ-ერთი მთავარი თვისება იყო.

ის წარმოუდგენლად თავდაჯერებულია და ყოველთვის აღმატებულად გრძნობს თავს. ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად რეაგირებს, მაგრამ სწორედ ასეთ ბრძოლებს შეუძლია მთლიანად შეცვალოს ადამიანი მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე. და ამის გაკეთება მხოლოდ ჯასტინ გეიჯის შეეძლო. ის ნამდვილი მხეცია. ამისადმი პატივისცემა შეუძლებელია არ გქონდეს.

თოფურიას დაუმარცხებლობის აურა დაიმსხვრა. ახლა მან იცის, რომ მის შესაძლებლობებს საზღვარი აქვს. მან იცის, რომ მისი შეჩერება შესაძლებელია, რომ მისი მიყვანა შეიძლება იმ მდგომარეობამდე, როდესაც სკამზე ბრძოლის გაგრძელებაზე უარის თქმა მოუწევს. შესაძლოა, ის ამაზე გაცნობიერებულად არც იფიქრებს. შესაძლოა, საკუთარი თავი დაარწმუნოს, რომ ეს არ მომხდარა. მაგრამ სადღაც, შიგნით ღრმად, ეცოდინება. მისმა სულმა იცის - ზღვარი არსებობს.

და ეს არ არის თოფურიას გაკიცხვა. ის, თუ რამდენად შორს წავიდა ამ ბრძოლაში, მართლაც შთამბეჭდავია. მაგრამ თითოეულ ჩვენგანს აქვს გამძლეობის ზღვარი. რაც არ უნდა თქვათ - ის ყველას აქვს. რამდენიც გინდათ შეგიძლიათ ილაპარაკოთ, რომ სიკვდილამდე იბრძოლებთ, მაგრამ ასეთი ადამიანი ერთეულია. როცა ერთეულს ვამბობ, ვგულისხმობ ერთ ადამიანს მილიარდში.

ადამიანებს, რომლებსაც არასდროს უჩხუბიათ, ეს არ ესმით, მაგრამ ბრძოლა არის აბსოლუტური სიცრუის დეტექტორი. ეს არის სიმართლის უმაღლესი შემოწმება. სწორედ ამიტომ ვხედავთ ხშირად ანდერსონ სილვასნაირ ჩემპიონებს, რომლებიც პირველი მარცხის შემდეგ ძველებურები აღარ ხდებიან. შეგიძლია რამდენიც გინდა დაარწმუნო საკუთარი თავი, რომ კვლავ ის ადამიანი ხარ, მაგრამ სადღაც, შიგნით ღრმად იცი, რომ ეს უკვე ასე არ არის“,

- განაცხადა „უკვდავმა“ თავისი პოდკასტის მორიგ გამოშვებაში.

რა უნდა გააკეთოს „ელ მატადორმა“ შემდეგში? ამერიკელი მიიჩნევს, რომ თოფურია ქვემსუბუქ წონით კატეგორიას უნდა დაუბრუნდეს, სადაც მეტოქეებს გაბარიტებსა და ფიზიკურ ძალაში არ ჩამორჩება.

„ილიას ადგილას რომ ვიყო, ან მის გუნდში ვმუშაობდე, ქვემსუბუქ წონაში დავბრუნდებოდი. აშკარა იყო, რომ ის გაბარიტებში ჩამორჩებოდა, არადა ჯასტინი შორს არის ყველაზე მსხვილი მსუბუქწონოსნობისგან. ილიამ თავისი ზომის მებრძოლებთან უნდა იჩხუბოს.

ზოგიერთი დარტყმა, რომელიც მან გეიჯის მიაყენა, პლანეტის თითქმის ნებისმიერ ქვემსუბუქწონოსანს ნოკაუტში ჩააგდებდა. მაგრამ ჯასტინმა მათ ნამდვილი კაცივით გაუძლო. ილიას ადგილას მე უკან დავბრუნდებოდი“,

- განმარტა ბრაუნმა.

გასულ უქმეებზე ილია თოფურიამ მსუბუქ წონაში UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაკარგა, როდესაც თეთრ სახლთან გამართული სადღესასწაულო ტურნირის მთავარ მოვლენაში ჯასტინ გეიჯისგან სერიოზული ზიანი მიიღო და მეოთხე რაუნდის შემდეგ „ელ მატადორის“ გუნდმა ბრძოლის დასრულება მოითხოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები