„მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია“ | ფელიქს კროოსმა ზივზივაძე გამოარჩია
ტონი კროოსის უმცროსმა ძმამ, ფელიქს კროოსმა მეორე ბუნდესლიგის მოახლოებულ სეზონზე ისაუბრა. კროოსმა დაასახელა გუნდები, რომლებიც, მისი აზრით, უმაღლეს დივიზიონში გადასასვლელად იბრძოლებენ და მათ შორის ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმიც“ შეიყვანა.
„„ჰაიდენჰაიმი“ უმაღლეს დივიზიონში გადასვლის ერთ-ერთი კანდიდატია, რადგან მათ მეორე ბუნდესლიგის ფეხბურთთან შეგუება არ მოუწევთ. როდესაც „ჰაიდენჰაიმი“ უმაღლეს დივიზიონში იყო, მეორე ბუნდესლიგისთვის დამახასიათებელ ფეხბურთს თამაშობდა.
ეს კრიტიკა ან ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება არ არის. ვგულისხმობ იმას, რომ „ჰაიდენჰაიმს“ სათამაშო სტილი არ შეუცვლია და ფრანკ შმიდტი ბოლო წლებია გუნდს ერთნაირ ფეხბურთს ათამაშებს, რომელიც წარმატების მომტანია. გარდა ამისა, „ჰაიდენჰაიმს“ ჰყავს ფეხბურთელები, რომლებსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. მაგალითად, ბუდუ ზივზივაძე და მარვინ პიერინგერი“.
ცნობისთვის, ზივზივაძის გუნდი ახალ სეზონს 8 აგვისტოს დაიწყებს. თბილისის დროით 15:00 საათზე „ჰაიდენჰაიმი“ საკუთარ კედლებში „ოსნაბრიუკს“ დაუპირისპირდება.