შარიქაძე: ,, მუდმივი კრიტიკა საწყენია, შექება არსად შემხვედრია"
ბორჯღალოსნებმა დინამო არენაზე, ესპანეთს უმასპინძლეს და უდიდესი უპირატესობის ფონზე ანგარიშით - 49-15 დაამარცხეს. ბორჯღალოსნებმა მეტოქეს 6 ლელო გაუტანეს და ორი მიიღეს, რითაც ბონუს ქულაც მოიპოვეს, თუმცა ეს აღარაფერს წყვეტდა. ისე მოხდა, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, ტურნირის დასკვნით მატჩს საქართველო მეორე პოზიციით შეხვდა, თუმცა ფაქტობრივ ფინალში მეტოქეს კითხვის ნიშნების გარეშე სძლია.
საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი 18-8 მოიგო, 34 ქულიანი სხვაობის დაფიქსირების შემდეგ კი ტიტული ზედიზედ მეხუთედ, სულ კი მეთოთხმეტედ ჩაიბარა, ამისთვის კი მხოლოდ გამარჯვება იყო საჭირო.
მოგვიანებით, ბოლო მატჩებში ნაჩვენები ხარისხისა და გულშემატკივრის მხრიდან კრიტიკის შესახებ ნაკრების კაპიტანმა ისაუბრა.
მერაბ შარიქაძე (კაპიტანი):
კარგად ვითამაშეთ და ამჯერად ვერავინ მოგვედავება. წინა თამაშების შემდეგ დიდი კრიტიკა მივიღეთ და ძალიან გვინდოდა გულშემატკივარი გაგვეხარებინა. იმედი გვაქვს, რომ ყველა გავახარეთ და მსგავსი გამარჯვებები მომავალშიც არაერთი იქნება. ესპანეთი ამ ტურნირზე შექებას იმსახურებს, თუმცა შექება ჩვენც გვეკუთვნის. მთელი გუნდით ამაყი ვარ, რადგან არ არის მარტივი, ამდენი ნეგატივის შემდეგ მობილიზება მოახერხო და სასურველი თამაში აჩვენო.
რაც ნაკრებში ვარ სულ მესმის, რომ ხაზი ვერ თამაშობს და ნაკრებიდან ყველა გასაშვებია. დავიწყეთ ხაზით თამაში. ისე არ მინდა გამომივიდეს, რომ ძალიან მაგრები ვართ, მაგრამ ფაქტია უკეთ ვთამაშობთ და არსად შემხვედრია კომენტარი – რა კარგია რუმინეთს ხაზით ოთხი ლელო რომ გავუტანეთ. საყვედურს არავის ვეუბნები, მაგრამ საწყენია მუდმივი კრიტიკა. გაგვიხარდებოდა შექება და მოტივაციაც აგვიმაღლდებოდა. ვეცდებით ჩვენი კარგი თამაშით კრიტიკოსებს დავუმტკიცოთ, რომ უკეთესები ვართ ვიდრე მათ გონიათ“.