განრიგი და მასპინძელი სტადიონები ცნობილია - მსოფლიო თასს რუმინეთით ვიწყებთ
მსოფლიო რაგბმა 2027 წლის ავსტრალიის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის თამაშების განრიგი და მასპინძელი სტადიონები დაამტკიცა.
ბორჯალოსნებმა თავის პირველ მსოფლიო თასზე 2003 წელს სწორედ ავსტრალიაში ითამაშეს და გაისად კუნძულ-კონტინენტზე ზედიზედ მეშვიდე ტურნირში მონაწილეობისთვის ბრუნდებიან. ისინი ბ ჯგუფში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან, იტალიასთან და რუმინეთთან ითამაშებენ.
საქართველო პირველ შეხვედრას 3 ოქტომბერს, კარგად ნაცნობი რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს. თამაში თაუნსვილში, „ნორთ ქუინსლენდ სთედიუმზე“ ადგილობრივი დროით 20:15 საათზე დაიწყება. „ნორთ ქუინსლენდ სთედიუმი“ 2020 წელს გაიხსნა, 25 ათას მაყურებელს იტევს და განსაკუთრებულ სიმპათიას გადახურვის ეფექტური დიზაინით იწვევს. ეს სტადიონი მსოფლიო თასის შეხვედრებს პირველად მასპინძლობს. იქ ჯგუფური ეტაპის ოთხი მატჩი გაიმართება.
რუმინეთს 2011 წლის მსოფლიო თასზე ახალ ზელანდიაში შევხვდით და 25:9 დავამარცხეთ.
10 ოქტომბერს ბორჯღალოსნები მსოფლიოს მოქმედ და 4-გზის ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას ბრისბენში, „ბრისბენ სთედიუმზე“ შეერკინებიან, რომელიც 52 500 მაყურებელს იტევს. თამაში 16:45 საათზე დაიწყება. „ბრისბენ სთედიუმზე“ 2003 წელს მსოფლიო თასის 9 შეხვედრა გაიმართა, თუმცა მაშინ საქართველოს იქ არ უთამაშია. 2027 წელს ეს არენა ჯგუფური ეტაპის ექვს, 1/16-ფინალის ორ და მეოთხედფინალის ორ თამაშს უმასპინძლებს.
საქართველო სამხრეთ აფრიკას 2003 წლის მსოფლიო თასზეც შეხვდა (სიდნეიში) და ტურნირზე თავისი პირველი, ისტორიული ლელო გაიტანა (დავით დადუნაშვილმა), შეხვედრა კი მეტოქის გამარჯვებით დასრულდა - 46:19
ჯგუფურ ეტაპს 17 ოქტომბერს იტალიასთან ჯახით ვასრულებთ. თამაში ნიუკასლში, „ნიუკასლ სთედიუმზე“ 12:15 საათზე იწყება. სტადიონი პირველად მასპინძლობს მსოფლიო თასს და იქ ჯგუფური ეტაპის ოთხი შეხვედრა გაიმართება. ის 30 000 მაყურებელს იტევს. იტალიასთან მსოფლიო თასის ეგიდით აქამდე არასდროს გვითამაშია.
რიგით მე-11 მსოფლიო თასი, რომელშიც პირველად მიიღებს მონაწილეობას 24 გუნდი, 1 ოქტომბერს მასპინძელი ავსტრალიისა და ჰონკონგის შეხვედრით გაიხსნება. პერთში, 60-ათასიან „პერთი სთედიუმზე“ თამაში 18:45 საათზე დაიწყება.
ფინალურ შეხვედრას 13 ნოემბერს სიდნეი, 82-ათასიანი „სთედიუმ ავსტრალია“ უმასპინძლებს.
ბილეთების წინასწარი გაყიდვა დაიწყება 18 თებერვლიდან და მხოლოდ 17 თებერვლამდე რეგისტრირებულ მომხმარებლებს ექნებათ საშუალება შეიძინონ ბილეთები. რეგისტრაციისთვის გასავლელია შემდეგი ეტაპები მითითებულ ვებ გვერდზე: https://rwc2027.rugbyworldcup.com/