ორლანდომ გოგას გაცვლა გადაწყვიტა | ბითაძის გადაყვანა სან ანტონიოს სურს
NBA-ში გაცვლებისთვის განკუთვნილი ფანჯარა 5 თებერვალს იხურება. ClutchPoints-ის ინფორმაციით, „ორლანდო მეჯიქი“ სამი კალათბურთელის გაშვებას გეგმავს და ერთ-ერთი მათგანი გოგა ბითაძეა.
ქართველი ცენტრის გარდა, კლუბი ტაიუს ჯონსისა და ჯონათან აიზეკის გაცვლასაც აპირებს. ამ სამი კალათბურთელიდან ყველაზე დიდი ინტერესი სწორედ ბითაძის გარშემოა. ბოლო პერიოდში „ნიუ იორკ ნიქსზე“ დაიწერა, Clutchpoints-მა კი გოგა „სან ანტონიო სპურსს“ დაუკავშირა.
ავტორიტეტული გამოცემის ცნობით, „სან ანტონიოს“ წამყვანი პოზიციები უკავია და ამ ეტაპზე ბითაძის გადაყვანისთვის ბრძოლაში ფავორიტად სწორედ ტექსასელები მიიჩნევიან. „სპურსს“ ცენტრის პოზიციაზე სამი კალათბურთელი ჰყავს: ვიქტორ ვემბანიამა, ლუკ კორნეტი და ბისმაკ ბიომბო. მათ გარდა, კლუბში ირიცხება კელი ოლინიკიც, რომელსაც ცენტრის პოზიციაზე თამაში შეუძლია.
ცნობისთვის, მიმდინარე რეგულარულ სეზონში ბითაძემ 41 მატჩში მიიღო მონაწილეობა და პარკეტზე საშუალოდ 16.2 წუთს ატარებს. მისი სტატისტიკა ასეთია: 5.9 ქულა, 5.1 მოხსნა, 1.2 დაფარება, 0.7 ჩაჭრა და 1.2 ასისტი.