ზურიკომ ქუსლით ეფექტური პასი შეასრულა | სენტ-ეტიენმა მონპელიეს მოუგო
საფრანგეთის ლიგა 2-ის 22-ე ტურში სენტ-ეტიენმა შინ მონპელიე 1:0 დაამარცხა. 22 ტურის შემდეგ სენტ-ეტიენი 37 ქულით მე-4 ადგილზეა და ლიდერ ტრუას 4 ქულით ჩამორჩება.
სენტ-ეტიენის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ მონტანიემ ზურიკო დავითაშვილი სასტარტო შემადგენლობაში ათამაშა, მეორე ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე შეცვალა.
ზურიკოს თამაშიდან ორი მომენტია გამოსარჩევი, პირველ ტაიმში თანაგუნდელის მისამართით ქუსლით ეფექტური პასი შეასრულა, დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, თუმცა დარტყმა არაზუსტი იყო. მატჩის მიწურულს გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, საჯარიმოში მყოფს ხელს არავინ უშლიდა, თუმცა ცუდად დაარტყა, ბურთი პირდაპირ მეკარისკენ წავიდა.
ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ზურიკომ 18 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა. საფრანგეთის თასზე ნიცასთან ითამაშა და პენალტი გაიტანა.
ლიგა 2-ის სეზონში დავითაშვილი 8 გოლით სენტ-ეტიენის საუკეთესო მეგოლეა. მეორე პოზიციაზე ცენტრფორვარდი ირვინ კარდონაა 5 გოლით.
23-ე ტურში, 14 თებერვალს სენტ-ეტიენი გენგამს ესტუმრება.