„ეს მისთვის ყველაზე დიდი გამოცდა იქნება“ - ლივერპულური მედია მამარდაზე
გიორგი მამარდაშვილს მალე სეზონის ყველაზე რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ალისონი ტრავმირებულია და როგორც მინიმუმ, უახლოეს ორ შეხვედრაში ბრაზილიელის დაბრუნება 99%-ით გამორიცხულია.
მომდევნო ორ მატჩში „ლივერპულის“ მეტოქე „მანჩესტერ სიტი“ და პსჟ იქნება.
ოთხშაბათს, გუნდის მდგომარეობის განახლებისას, არნე სლოტმა კლუბის ოფიციალურ ვებ გვერდს განუცხადა: „ალისონი კიდევ ცოტა ხნით იქნება მოედნის მიღმა“.
გასულ თვეში ტრავმის დადასტურებიდან მალევე, ალისონმა თავის Instagram-სთორიში დაწერა: „სამწუხაროდ, გარკვეული პერიოდი თამაშს ვერ შევძლებ. უკვე ბევრს ვმუშაობ იმისთვის, რომ უფრო ძლიერი დავბრუნდე! მადლობა მხარდაჭერისთვის“.
მამარდაშვილისთვის მნიშვნელოვან მომენტზე წერს thisisanfield-ი:
„შაბათს, ინგლისის ასოციაციის თასის (FA Cup) მეოთხედფინალში „მანჩესტერ სიტისთან“ გასვლით მატჩში ალისონის ადგილს გიორგი მამარდაშვილი დაიკავებს. დიდია იმის შანსი, რომ მას თამაში ოთხი დღის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგაც მოუწიოს.
ეს მატჩები ყველაზე დიდი გამოცდა იქნება იმ მეკარისთვის, რომელიც მომავალში „ლივერპულის“ გრძელვადიან პირველ ნომრად მოიაზრება.
გასულ ზაფხულს „ვალენსიიდან“ 29 მილიონ ფუნტად გადმოსვლის შემდეგ, მამარდაშვილმა 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 20 გოლი გაუშვა და კარი მშრალად მხოლოდ სამჯერ შეინახა“.
- წერს ბრიტანული გამოცემა.
„სიტისთან“ სათასო შეხვედრა შაბათს 15:45-ზე დაიწყება. პარიზში ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველი მატჩი 8 აპრილს (23:00) გაიმართება.