საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

საბამ გასახდელში ბოდიში მოიხადა | უოტფორდის მწვრთნელის კომენტარი

ინგლისის ჩემპიონშიფის 31-ე ტურში საბა გოგლიჩიძის დებიუტი შედგა. უდინეზედან უოტფორდში განათხოვრებული მცველი საუთჰემპტონთან სათადარიგოთა სკამზე იჯდა, 70-ე წუთზე ტრავმირებული მფუნი შეცვალა და ამავე წუთზე საუთჰემპტონის კანადელმა ფორვარდმა კაილ ლარინმა გამარჯვების გოლი გაიტანა, მან ორთაბრძოლა გოგლიჩიძეს მოუგო. უოტფორდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა ჩარლი დენიელსმა Three Counties Radio-სთან საუბრისას გაამხილა, რომ გოგლიჩიძემ გასახდელში ბოდიში მოიხადა. მწვრთნელის თქმით, ის არასდროს ისურვებდა შეცვლის განხორციელებას უშუალოდ სტანდარტული მდგომარეობის შესრულებამდე.

მწვრთნელმა პირდაპირ თქვა, რომ მოედანზე ვინც შედის, მან თავისი საქმე უნდა იცოდეს: „ჩვენ ველოდებით, რომ ვინც არ უნდა გამოვიდეს მოედანზე, იცის თავისი სამუშაო, იცის თავისი როლი და ასრულებს მას... ყველა პასუხისმგებელია“. ამით მან მიანიშნა, რომ დებიუტის მიუხედავად, გოგლიჩიძეს თავისი მოთამაშე უნდა განეიტრალებინა.

ჩარლი დანიელსი BBC 3CR-თან: „იმედგაცრუებული ვარ შედეგით. პირველ ტაიმში კარგი თამაში ვაჩვენეთ, თუმცა მეორე ტაიმის დასასრულისკენ დონემ დაიწია. ვფიქრობ, საკმაოდ ბევრი მომენტი შევქმენით, თუმცა მეკარე ისე ვერ შევაწუხეთ, როგორც გვსურდა.

გოლამდე იძულებულები გავხდით შეცვლა გაგვეკეთებინა, რადგან სტივენ მფუნი დაშავდა. მოედანზე კაცნაკლულები რომ არ დავრჩენილიყავით, შეცვლა განვახორციელეთ. სტივენმა ხუთი წუთით ადრე გვითხრა, რომ უჭირდა და წვივის კუნთის პრობლემა ჰქონდა.

ამ კვირაში გუნდს ბევრ რამესთან მოუწია ადაპტაცია და ორმა გასვლითმა მატჩმა საქმე არ გაგვიმარტივა. ჩემპიონშიპი ასეთია, მცირე მომენტები დიდ განსხვავებას ქმნის. თუ გვსურს, რომ ფლეი-ოფისთვის ბრძოლაში დავრჩეთ, ჩვენი მომენტები უნდა გამოვიყენოთ. ახლა ეს არ გამოგვიდის, თუმცა ყველაფერი სავარჯიშო მოედნიდან იწყება.“

ჩემპიონშიფში უოტფორდს ზედიზედ ხუთი მატჩია არ მოუგია, 31 მატჩში 44 ქულა დააგროვა, მე-11 ადგილზეა, საუკეთესო ექვსეულთან 3-ქულიანი ჩამორჩენა აქვს. 32-ე ტურში, 14 თებერვალს პრესტონს ესტუმრება.

გოგლიჩიძეს „უდინეზესთან“ კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 4.5 მილიონი ევროა. „უდინეზესა“ და „უოტფორდს“ ერთი მფლობელი ჰყავს და საბა ინგლისში სათამაშო პრაქტიკის მისაღებად გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინტერვიუს დროს მაინც დაიხურა | იეგოიანი და მისი თეთრი ფაფახი ნიდერლანდებში
ინტერვიუს დროს მაინც დაიხურა | იეგოიანი და მისი თეთრი ფაფახი ნიდერლანდებში