რამაზ სვანაძე
Aa
Aa

თუ ეს თაობა მენტალურ ბარიერს გადალახავს... | სვანაძე მალტასთან გამარჯვების შემდეგ

ევროშესარჩევის მორიგ ტურში საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა მალტას 4:1 მოუგო. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართული მატჩის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ მატჩი შეაფასა:

„მოსაგები თამაში გვქონდა, რომელიც ლოგიკურად დამთავრდა. ხარვეზებით... თამაშის შინაარსში რომ შევიდეთ, იყო მომენტები, სადაც რა თქმა უნდა კარგად ვთამაშობდით, კმაყოფილების შეგრძნება იყო, თუმცა ასევე იყო მომენტები და არც თუ ცოტა, სადაც საკუთარ თავს არ ვგავდით და რეალურად, ესეც არის პასუხი იმ კითხვაზე, თუ რატომ ვიმყოფებით სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე და ვიბრძვით მესამე ადგილისთვის. ეს დღევანდელი რეალობაა. ამ რეალობას ძალიან ბევრი ფაქტორი განაპირობებს. პირველი ფაქტორი შემადგენლობის არასტაბილურობაა, საერთაშორისო გამოცდილების ნაკლებობა და ამ ყველაფერს ემატება ლიდერების ტრავმები, რომლებიც ძალიან ხშირია. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით პრობლემები გვაქვს. სიმართლე გითხრათ, ამ მხრივ ძალიან ბევრს ვმუშაობთ. თუნდაც თამაშებში, რომლებშიც ქულები დავკარგეთ, ტაქტიკურად გუნდს პრობლემა არ ჰქონდა. ბევრი ანალიზი გავაკეთეთ და ძალიან კარგად ვიცი, თუ რას ვამბობ. ტაქტიკურად თამაში არ დაგვითმია, თუმცა მენტალობასთან დაკავშირებით პრობლემები იყო. თუნდაც, რწმენა... დღევანდელი თამაშის დასაწყისიც რომ ავიღოთ, ყოველთვის მძიმედ ვიწყებთ, ყოველთვის მძიმედ შევდივართ თამაშში. ამ მხრივ სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს, იმიტომ რომ თუ ეს თაობა მენტალურ ბარიერს გადალახავს და ამას მათი სრული მზადყოფნა დაემატება, შედეგები გაცილებით კარგი გვექნება.

რაც შეეხება ზოგადად მარტის შეკრებას, გვინდოდა 6 ქულის აღება, 4 ქულა ავიღეთ, თუმცა თუ ლატვიასთან თამაშის ბოლო 25 წუთსა და დღევანდელი თამაშის ძირითად ნაწილს ავიღებთ მხედველობაში, შედეგით კმაყოფილი ვარ. არც ის იყო მარტივი, რომ ლატვიასთან 10 კაცით დარჩენილებს, თამაში შემოგვეტრიალებინა. აქ არ არის ლაპარაკი მხოლოდ შემოტრიალებაზე ან შემთხვევით გოლზე, აქ არის საუბარი იმ დომინაციაზე, რომელიც ლატვიასთან ბოლო 20 წუთი გვქონდა.

საერთო ჯამში ამ შეკრების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, გარდა შედეგისა, სწორი სელექცია იყო. ნელ-ნელა შანსის მიცემა იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებიც შემდეგ შესარჩევ ციკლში ითამაშებენ, რომელთაც შემდგომში მოუწევთ საქართველოს 21-წლამდე ნაკრების სახელის დაცვა. დღეს იყო რამდენიმე ასეთი ფეხბურთელი, ნორმალური შთაბეჭდილება დატოვეს, ზოგმა მეტი, ზოგმა ნაკლები, არ მინდა გვარებს შევეხო, თუმცა მათ პირად საუბრებში იციან, რომ ბევრი სამუშაო აქვთ. ასევე, რამდენიმე ფეხბურთელია, რომელთაც ივნისის ამხანაგურ თამაშებში აუცილებლად ვნახავთ. მათი რიცხვი ივნისში გაიზრდება. ეს შემიძლია დავადასტურო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დარჩენილ თამაშებში რაიმეს დათმობას ვაპირებთ. ჩვენი მიზანია მესამე ადგილი დავიკავოთ.  გაფრთხილება სჭირდება იმ მონაპოვარს... მიმდინარე შესარჩევის ციკლის წილისყრის წინ რეიტინგში მე-17 ადგილზე ვიყავით და ეს ისტორიაში პირველად მოხდა. სწორედ ამიტომ, რომ მომდევნო თაობებს წილისყრისას შედარებით ნორმალური ჯგუფი რომ შეხვდეთ, ჩვენთვის აუცილებელია, რომ მაქსიმალურად მაღალი ადგილი დავიკავოთ. პლუს ამას, ვთვლი რომ ამ რესურსისა და ამ პრობლემების ფონზე, რომლებიც დღეს ჩვენს ხელშია, საბერძნეთისა და გერმანიის გარდა ჯგუფში არ გვყავს ისეთი გუნდი, რომელთანაც კონკურენციის გაწევა არ შეგვიძლია. სწორედ ამიტომ, დაკარგულ ქულებზე გული მწყდება, თუმცა ამას ბევრი მიზეზი აქვს, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არასტაბილურობაა, შეკრებიდან შეკრებამდე 5, 6 ან 7 ახალი ფეხბურთელი გვყავს, ბევრი ტრავმირებულია და დაცვის ხაზის მუდმივი ცვლა გვიწევს. ჩვენ სტაბილურად ერთი შემადგენლობით არ გვითამაშია. 4-დღიან შეკრებაზე ეს ყველაფერი ვერ ესწრება, თუმცა ბევრს ვმუშაობთ და იმედი მაქვს, ჩვენი დინამიკა, როგორც შედეგის, ასევე თამაშის ხარისხის კუთხით პოზიტიურად შეიცვლება და ისე დავასრულებთ ამ შესარჩევს, როგორც გვინდა''.

მიმდინარეობს განახლება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველო მალტა 4:1 | ფოტოამბავი
საქართველო მალტა 4:1 | ფოტოამბავი