ერთ-ერთი საუკეთესო იყო | კვერნაძის საგოლე პასი და არჩათვლილი გოლი
სერია B-ს 23-ე ტურის ცენტრალურ მატჩში ფროზინონეს ქართველმა შემტევმა გიორგი კვერნაძემ ვენეციასთან საგოლე პასი შეასრულა, 43-ე წუთზე შეტევა განავითარა და შემდეგ ვარდნაში რაიმონდოს მისამართით ეფექტური გადაცემა შეასრულა, იტალიის 21-წლამდე ნაკრების ფორვარდმა ანგარიში გახსნა. ფროზინონემ პირველი ტაიმი ამ გოლით 1:0 მოიგო.
მე-60 წუთზე კარისკენ ძლიერად დაარტყა, მეკარემ მოიგერია. 65-ე წუთზე კვერნაძემ გოლი გაიტანა, თუმცა არ ჩაითვალა, რადგან ბურთი მის თანაგუნდელს ხელზე მოხვდა. ძალიან კარგად შეასრულა და ამ მომენტშიც გამოჩნდა, რომ მშვენიერ ფორმაშია. 79-ე წუთზე შეცვალეს.
მეორე ტაიმში ვენეციამ თამაში შემოატრიალა და 1:2 გაიმარჯვა. 63-ე წუთზე ციტადინის ავტოგოლით ანგარიში გათანაბრდა, 78-ე წუთზე ვენეციას ფორვარდმა ისა დუმბიამ გამარჯვების გოლი შეაგდო.
გამარჯვების შემთხვევაში ფროზინონე ვენეციას გაასწრებდა და პირველ ადგილზე გადავიდოდა, თუმცა ვენეციამ მოიგო, 50 ქულით პირველზეა და მეორეადგილოსან ფროზინონეს 4 ქულით უსწრებს. მონცა 44 ქულით მესამეზეა. მიმდინარე ტურში ჯერ არ უთამაშია და თუ მონცა მოიგებს, ფროზინონე მესამე ადგილზე აღმოჩნდება.
სერია B-ს მიმდინარე სეზონში კვერნაძემ 21 მატჩში 6 საგოლე მოქმედება დააგროვა, მასიმილიანო ალვინის გუნდს 3 გოლითა და 3 საგოლე პასით დაეხმარა. ბოლო მატჩებში განსაკუთრებულად პროდუქტიულია, ბოლო ოთხ მატჩში მის აქტივში 1 გოლი და 2 საგოლე პასია.