„ქართველებს არაფერი დავუთმეთ, მაგრამ...“ - რა თქვა ლიეტუვის მწვრთნელმა
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში სტუმრად ლიეტუვის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.
თამაშის დასრულების შემდეგ განვლილი მატჩი ჟურნალისტებთან ლიეტუვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ედგარას იანკაუსკასმა შეაფასა.
რა თქვა იანკაუსკასმა:
„ერთადერთი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ დადებითი შედეგის მიღწევა ვერ მოვახერხეთ. ძალიან სერიოზული გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ, თუმცა თითქმის არაფერში ჩამოვრჩით — დიახ, ისინი უფრო ტექნიკურები იყვნენ, ჰყავთ უკეთესი შემსრულებლები, რომლებიც ამ ეტაპზე უფრო მაღალ დონეზე თამაშობენ, ქმნიან სხვაობას და სვამენ საბოლოო წერტილს.
თუმცა, მთლიანობაში, თამაშის შინაარსით კმაყოფილი დავრჩი — ორთაბრძოლებში ძალიან კარგად გამოვიყურებოდით და მეტოქეს არაფერი დავუთმეთ, კარგად მივყვებოდით თამაშის გეგმას, საიმედოდ გავანეიტრალეთ მათი ყველაზე სახიფათო მოთამაშე და როცა საჭირო იყო, წნეხსაც გავუძელით. მინიმუმ ერთი გოლის გასატანად საკმარისი მომენტები ჩვენც შევქმენით, თუმცა, რა თქმა უნდა, შეცდომებიც დავუშვით, რაც, სამწუხაროდ, გოლებად იქცა.
ძალიან დასანანი გოლები გავუშვით. მანამდე, სოლიდურად ვთამაშობდით. ვფიქრობდით იმაზე, თუ როგორ გაგვემწვავებინა თამაში, ვეძებდით გზებს მეტოქის კარისკენ და გვჯეროდა, რომ საბოლოოდ გოლსაც გავიტანდით, თუმცა... როდესაც მაღალი დონის გუნდებთან თამაშობ, ასეც ხდება ხოლმე – საქართველო სწორედ ასეთი გუნდია, რომელიც ძალიან ხარისხიანად გადადის კონტრშეტევებზე და სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს. დიდი სურვილიდან გამომდინარე, ისეთი მოქმედება გავუშვით, რომელიც არ გვინდოდა. თუმცა, ეს დიდი ემოციების ფონზე მოხდა, ზოგჯერ გული გონებაზე იმარჯვებს. მოხდა ის, რაც მოხდა. უკეთესი შედეგი გვსურდა, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანია გუნდი რაც შეიძლება უკეთ მოვამზადოთ ბალტიის თასის მომავალი მატჩებისთვის და გავაძლიეროთ კავშირები მოთამაშეებს შორის.
სიტყვა „ამხანაგური“ აქ ნამდვილად შეუფერებელია. ეს იყო საკონტროლო მატჩი, რომელშიც აშკარად ჩანდა, რისკენ ისწრაფვოდა ორივე გუნდი. შედეგი ძალიან მნიშვნელოვანი იყო როგორც მათთვის, ისე ჩვენთვის. ორთაბრძოლები ხისტი გამოდგა, თავს არავინ ზოგავდა. მათი ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელიაც ძალიან უკმაყოფილო იყო ასეთი მეურვეობით. არავის სურდა ვინმესთვის რაიმეს დათმობა და ჩემთვის ყველაზე მთავარი ის არის, რომ არცერთ კომპონენტში არ დავუთმეთ, გარდა იმ გოლებისა. მონდომებისა და თავდადების თვალსაზრისით, ეს კარგი თამაში იყო.
კვარაცხელიას ნამდვილად კარგად გავუმკლავდით. მისი ხარისხისა და დონის გათვალისწინებით, მან მართლაც ძალიან ცოტა შექმნა. ვფიქრობ, თავადაც მეტს ელოდა, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგი გეგმა გვქონდა და ამან შესანიშნავად იმუშავა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის ერთი მოთამაშის გუნდი. ემოციურად მატჩის ბოლოს კვარაცხელია უკვე ცოტათი წყობიდან გამოვიდა, კამათობდა ჩვენს ფეხბურთელებთან და მსაჯთან. ის, რომ მან სრული მატჩი ითამაშა, არ გაგვკვირვებია – ყველამ ვიცოდით, რა სერია ჰქონდა საქართველოს ნაკრებს ამ შეხვედრამდე – მათ ზედიზედ ექვსი მატჩი არ ჰქონდათ მოგებული, ამიტომ აშკარაა, რომ დაძაბულობას გრძნობდნენ და მოთამაშეების დაზოგვაზე არავინ ფიქრობდა. მათი მიზანი ნებისმიერ ფასად გამარჯვება იყო და ეს ჩვენ დავინახეთ კიდეც“.
საქართველოსა და ლიეტუვას ნაკრებები ერთმანეთს ისტორიაში მეცხრედ შეხვდნენ. საქართველოს ნაკრებმა დღეს მე-5 მატჩი მოიგო, 3 შეხვედრა ლიეტუველთა გამარჯვებით დასრულდა, ერთიც კი ფრედ“.საქართველოსა და ლიეტუვას ნაკრებები ერთმანეთს ისტორიაში მეცხრედ შეხვდნენ. საქართველოს ნაკრებმა დღეს მე-5 მატჩი მოიგო, 3 შეხვედრა ლიეტუველთა გამარჯვებით დასრულდა, ერთიც კი ფრედ.