ოლიმპიური ჩემპიონის წარუმატებელი გამოსვლა | RAF-ში ხინჩეგაშვილი 3:13 დამარცხდა
RAF-ში 19 წლის ამერიკელმა მოჭიდავემ, ბო ბასეტმა ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი, 34 წლის ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დაამარცხა. ბასეტი ჯერ კიდევ სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეა. მიუხედავად ამისა, მან გამოცდილ და ტიტულიან მეტოქესთან პირველივე წუთებიდან სრული დომინაცია მოიპოვა, დამაჯერებლად გაიმარჯვა, ხინჩეგაშვილი ანგარიშით 3:13 დამარცხდა.
მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, ბასეტი უკვე აქტიურად და წარმატებით მონაწილეობს პროფესიონალურ ლიგა RAF-ში. ვლადიმერ ხინჩეგაშვილის დამარცხებამდე RAF 03-ზე პირველივე პერიოდში დანებებით NCAA-ის ყოფილი ჩემპიონი და Bellator-ის ვეტერანი მებრძოლი დარიონ კალდველი გაანადგურა. ბასეტი წარმოუდგენლად მაღალი ტემპით, აგრესიული შეტევებითა და გადაბმული, უწყვეტი ილეთების ტექნიკით გამოირჩევა. ის მეტოქეს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს, პირველივე წამებიდან ცდილობს დომინაციის მოპოვებას და დაცვაში მუშაობის ნაცვლად, ორიენტირებულია ქულების მაქსიმალურად სწრაფად დაგროვებაზე.
Real American Freestyle თავისუფალი ჭიდაობის სტილია, ოღონდ ამერიკული ინტერპრეტაციით, რომელიც ბოლო დროს სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამერიკაში ჭიდაობას უდიდესი ტრადიცია აქვს, თუმცა მათი სასკოლო სტილი (Folkstyle) განსხვავდება საერთაშორისო თავისუფალი ჭიდაობისგან. როდესაც Real American Freestyle-ზე საუბრობენ, ხშირად გულისხმობენ ამერიკელი მოჭიდავეებისათვის დამახასიათებელ აგრესიულ, ფიზიკურად ძლიერ და დაუღალავ სტილს.
შეგახსენებთ, რომ ხინჩეგაშვილმა 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. მოგვიანებით მან პოლიტიკური კარიერა დაიწყო და 2021-2024 წლებში გორის მუნიციპალიტეტის მერის პოსტს იკავებდა.