ისტორიული შედეგი, 19 ქულა და მატჩის MVP | მამუს +47 გოგას წინააღმდეგ
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“ გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქს“ საშინაო სტადიონზე, „სქოთიაბენქ არენაზე“ დაუპირისპირდა. „ტორონტომ“ ფენომენალური შეხვედრა ჩაატარა, NBA-ის რეკორდი დაამყარა, „მეჯიქს“ ყველა მეოთხედი მოუგო და მეტოქე 52 ქულით, 139:87 გაანადგურა.
მატჩი ფლორიდელთა უპირატესობით დაიწყო და პირველ პერიოდში გოგას გუნდი 20:14-ს იგებდა, რის შემდეგაც „ტორონტოს“ ისტორიული სერია ვიხილეთ. „რეპტორსი“ 31:0 გაიქცა და 45:20 დაწინაურდა. 1997-98 წლების სეზონის შემდეგ (როდესაც play-by-play, ანუ თითოეული შეტევის დეტალური სტატისტიკური აღწერა შემოიღეს), ზედიზედ 31 უპასუხო ქულა NBA-ში არც ერთ გუნდს ჩაუგდია და, შესაბამისად, „რეპტორსმა“ რეკორდი დაამყარა.
მამუკელაშვილმა „ტორონტოს“ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. სანდრომ თამაში სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და პარკეტზე გატარებულ 21 წუთსა და 19 წამში 19 ქულა, 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 13-დან 8 ბურთი ჩააგდო, 4-დან 2 სამქულიანი ზუსტად ისროლა და 1 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა. მის პასივში 3 დაკარგვა და 1 პერსონალური ჯარიმა გახლდათ.
+47?! MAMU GETS THE CHAIN TONIGHT ???? pic.twitter.com/LbMkGfUqJu
— Toronto Raptors (@Raptors) March 30, 2026
„მამუ“ მატჩის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა. როდესაც სანდრო პარკეტზე იყო, „ტორონტომ“ „ორლანდოზე“ 47-ით! მეტი ქულა ჩააგდო. „რეპტორსის“ ისტორიაში ეს მესამე საუკეთესო შედეგია. ამ გრაფაში კანადელთა მაისურით მამუკელაშვილზე უკეთესი სტატისტიკა მხოლოდ გარი ტრენტ ჯუნიორს (+54) და პასკალ სიაკამს (+49) დაუფიქსირებიათ (ორივემ 2021 წლის 2 აპრილს, როდესაც „გოლდენ სტეიტი“ 130:77 გაანადგურეს).
„ტორონტოს“ რიგებში ქართველ კალათბურთელზე მეტი ქულა მხოლოდ არ ჯეი ბარეტსა და სკოტი ბარნსს ჰქონდათ. ბარნსმა 23 ქულა, 15 შედეგიანი გადაცემა და 5 მოხსნა მიითვალა, ხოლო ბარეტმა მატჩი 24 ქულით დაასრულა. რაც შეეხება გოგა ბითაძეს, მან პარკეტზე 10 წუთი და 11 წამი გაატარა და 6 ქულა და 4 მოხსნა გააკეთა.
„ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა და 42 მოგება და 32 წაგება აქვს. „ორლანდო“ 39 მოგებითა და 35 წაგებით მერვე პოზიციაზეა. „მეჯიქის“ მომდევნო მეტოქე „ფინიქს სანსია“, „რეპტორსის“ — „დეტროიტ პისტონსი“.