წარუმატებელი შედეგები და პირადი ტრაგედია - ტუდორმა ტოტენჰემი დატოვა
იგორ ტუდორი „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. ინფორმაცია ოფიციალურად ლონდონურმა კლუბმა დაადასტურა. ხორვატი სპეციალისტის კარიერა ინგლისურ კლუბში ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა. ტუდორმა ტომას ფრანკი 14 თებერვალს ჩაანაცვლა და გუნდს მხოლოდ 44 დღის განმავლობაში უხელმძღვანელა. ხორვატის ხელმძღვანელობით, „ტოტენჰემმა“ ჩატარებული 7 მატჩიდან 5-ში მარცხი განიცადა.
მისი წასვლის გადამწყვეტი მიზეზი პრემიერლიგაში საკუთარ მოედანზე „ნოტინგემ ფორესტთან“ განცდილი მძიმე მარცხი გახდა, რის შემდეგაც გუნდი გასავარდნ ზონას მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. სპორტული წარუმატებლობის გარდა, სიტუაციას პირადი ტრაგედიაც დაერთო — „ნოტინგემთან“ მატჩის დასრულებისთანავე ტუდორმა მამის გარდაცვალების შესახებ შეიტყო.
„ტოტენჰემის“ ოფიციალური განცხადების თანახმად, ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა და ტუდორთან ერთად კლუბი მისმა სამწვრთნელო შტაბმაც დატოვა. კლუბმა მას გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და ოჯახური ტრაგედიის გამო სამძიმარი გამოუცხადა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ ჩაიბარებს გუნდს პრემიერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად.