რონალდუ და ქოჩორა ერთ გუნდში? ESPN-ის სენსაციური ინფორმაცია
ESPN-ის ინფორმაციით, შესაძლოა კრიშტიანუ რონალდუმ ზაფხულში ალ ნასრი დატოვოს და ლისაბონის სპორტინგში დაბრუნდეს. რონალდუმ ალ ნასრის ზედიზედ მეორე მატჩი გამოტოვა, რისი მიზეზიც იანვარში PIF-ის (საუდის არაბეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი) მხრიდან არასაკმარისი მხარდაჭერით გამოწვეული უკმაყოფილებაა.
ზაფხულში ძალაში შედის გამოსასყიდი პუნქტი 43 მილიონი ფუნტის ოდენობით. თუ რონალდუ გუნდს დატოვებს, საუდელი მაღალჩინოსნები აქცენტს სხვა მსოფლიო დონის ვარსკვლავის დამატებაზე გააკეთებენ. საუდის პრო ლიგის მმართველები პორტუგალიელის შესაძლო წასვლას მშვიდად უყურებენ და უკვე შემცვლელებზე ფიქრობენ, პრიორიტეტულ სამიზნეებად მოჰამედ სალაჰი და ბრუნო ფერნანდეში სახელდებიან.
ცნობისთვის, კარიმ ბენზემას ალ იტიჰადიდან ალ ჰილალში გადასვლის შემდეგ რონალდუმ პროტესტის ნიშნად ალ რიადთან და ალ იტიჰადთან მატჩები გამოტოვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ალ ნასრის ხელმძღვანელებმა რონალდუს დაყოლიება ვერ მოახერხეს, კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ჟორჟე ჟეზუსმა პორტუგალიელი ფეხბურთელის მხარე დაიჭირა და დიდი ალბათობით, პროტესტის ნიშნად, მატჩისშემდგომ პრესკონფერენციას არ დაესწრება. აქვე გეტყვით, რომ ალ ჰილალში გადასულმა ბენზემამ სადებიუტო მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა. მისი გუნდი 50 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერია, მეორეზე 47 ქულით ალ აჰლია, რონალდუს ალ ნასრი 46 ქულით მესამე ადგილზეა.
შეგახსენებთ, ლისაბონის სპორტინგში ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი თამაშობს, რონალდუსთვის კი სპორტინგი მშობლიური კლუბია, პროფესიული კარიერის საწყისი ეტაპი სპორტინგში გაატარა. 1997 წლიდან სპორტინგის აკადემიის ფეხბურთელი იყო, 2002-03 წლებში პირველ გუნდში თამაშობდა, 2003 წლის ზაფხულში მან. იუნაიტედმა 12 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეიძინა.