კარკაძის ლელო ლიდერთან - მჭედლიძე ორიაკს დაეხმარა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონი ქართველი ლეგიონერების სიმრავლით გამოირჩევა და ტური ისე არ გავა, რომ რამდენიმე მათგანმა თავი არ გამოიჩინოს. ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა და მე-19 ტურში ლელო ვანო კარკაძემ და ირაკლი მჭედლიძემ დადეს.
პლეი-ოფის ზონაში მყოფმა „ოიონამ“ სატურნირო ცხრილის ლიდერ „ვანს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 3-ქულიანი სხვაობით, 29:32 დამარცხდა. ანგარიში სწორედ კარკაძემ გახსნა, რომელმაც სტუმართა ჩათვლის მოედანი აიღო. მის გარდა „ოიონას“ განაცხადში ვასილ ლობჟანიძე იმყოფებოდა, მაგრამ თამაშის საშუალება არ მისცემია. სტუმართა რიგებში კი მიხეილ ალანია მოედანზე 65-ე წუთზე გამოჩნდა.
„ორიაკმა“ საკუთარ სტადიონზე „ვალანს-რომანი“ 4-ქულიანი სხვაობით, 32:28 დაამარცხა და გამარჯვებაში დიდი როლი ქართველმა მორაგბეებმა ითამაშეს. თედო აბჟანდაძემ ორი საჯარიმო ზუსტად შეასრულა, ხოლო 38-ე წუთზე ლელო ირაკლი მჭედლიძემ დადო. მჭედლიძე-ნიორაძის დუეტის გარდა, „ორიაკის“ ძირითადში ლუკა ნიორაძე და გიორგი ქართველიშვილი იყვნენ, ხოლო დაჩი პაპუნაშვილი ცვლილებაზე შევიდა. რაც შეეხება „ვალანს-რომანს“, სასტარტოში დაიწყო ილია სპანდერაშვილმა და 41-ე წუთზე შეცვალეს.
ცნობისათვის, ცხრამეტი ტურის შემდეგ PRO D2-ის სატურნირო ცხრილს 72 ქულით „ვანი“ ლიდერობს, რომელიც მეორე-მესამე პოზიციებზე მყოფ „პროვანს რაგბისა“ და „კოლომიეს“ შესაბამისად 7 და 8 ქულით უსწრებს.