რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
Aa
Aa

რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან

ბორჯღალოსნების ახალმა სამწვრთნელო შტაბმა 2026 წლის პირველი შეხვედრისთვის შემადგენლობა დაასახელა. 23-კაციან განაცხადში 5 დებიუტანტია, ვასილ ლობჟანიძე კი მეასე სანაკრებო კეპს მოიხვეჭს და მერვე ქართველი ცენტურიონი გახდება.

საქართველოს ნაკრების მწვრთრნელის პოსტზე მარკო ბორტოლამის სადებიუტო შეხვედრა 8 თებერვალს შედგება. ბორჯღალოსნები 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში შვეიცარიას ივერდონში, „სტად მუნიციპალზე“ საქართველოს დროით 16 საათზე ეთამაშებიან.

პიერ-ანრი ბრონკანთან კონსულტაციების შედეგად, სათამაშო განაცხადში 5 დებიუტანტია. მათგან ორი - ფულბეკი ოთარ მეტრეველი და ფრთა ნიკოლოზ რეხვიაშვილი თამაშს სასტარტო შემადგენლობაში იწყებენ. მეტრეველმა, რომელსაც ზურგს 20-წლამდელთა ნაკრებში თამაში უმაგრებს, ბორჯღალოსნების კვართით სამხრეთ აფრიკული ‘ჩიტასის’ წინააღმდეგ ითამაშა, მაგრამ ეს სანაკრებო დებიუტად არ ეთვლება. რეხვიაშვილი ეროვნულ გუნდში 7-კაცა ნაკრებიდან დაწინაურდა.

მარქაფაში არიან დავით ლაგვილავა, თემურ წულუკიძე და ანდრო დვალი. 18 და 20-წლამდელთა ნაკრებებში სამივე მათგანმა დააგროვა გამოცდილება და ეროვნულ გუნდთან ერთად სანაკრებო შეკრებებზეც იმყოფებოდნენ, თუმცა პირველ კეპს 8 თებერვალს მოიხვეჭენ.

შევეიცარიასთან თამაშს იწყებს და მერვე ქართველი ცენტურიონი გახდება 29 წლის ვასილ ლობჟანიძე. მან ნაკრების კვართით პირველი თამაში 2015 წელს, გერმანიასთან ჩაატარა და დღემდე 99 კეპი მოიხვეჭა. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებში 100 და მეტი თამაში შემდეგ მორაგბეებს ჩაუტარებიათ: დავით კაჭარავა (122), სანდრო თოდუა (122), მერაბ კვირიკაშვილი (115), მერაბ შარიქაძე (104), შალვა მამუკაშვილი (103), გიორგი ჩხაიძე (100) და ლაშა მალაღურაძე (100).

შერკინების პირველ ხაზში თამაშს იწყებს ‘სტად ფრანსეს’ ბურჯი გიორგი მელიქიძე, რომელიც ნაკრებს 2021 წლის შემდეგ დაუბრუნდა. მას გიორგი ახალაძე და ვანო კარკაძე შეუწყვილდებიან. მეორე ხაზში მიხეილ ბაბუნაშვილსა და გიორგი ჯავახიას ვიხილავთ, ხოლო მესამე ხაზში ბექა საღინაძე, იოანე იაშაღაშვილი და თორნიკე ჯალაღონია დადგებიან. იაშაღაშვილი 2024 წლის შემდეგ ბორჯღალოსნებში მეორედ ითამაშებს.

ღერძზე ლობჟანიძეს ლუკა მატკავა შეუწყვილდება. ცენტრში თამაშს გიორგი კვესელაძე და დემე თაფლაძე იწყებენ, ხოლო მეორე ფრთა აკა ტაბუცაძეა.

პირველი ხაზის მარქაფაში არიან ნიკოლოზ სუთიძე, ლუკა გოგინავა და ალექსანდრე ქუნთელია. ხაზში შეცვლაზე გელა აფრასიძე და თედო აბჟანდაძე შევლენ.

შეგახსენებთ, შვეიცარიასთან აქამდე ორჯერ გვითამაშია და 1994 წელს მეტოქე სტუმრად 22:21 დავამარცხეთ, შარშან კი „ავჭალაზე“ სარეკორდო სხვაობით, 110:0 მოვუგეთ.

საქართველოს რაგბი ევროპის ჩემპიონატი 17-ჯერ აქვს მოგებული, აქედან ბოლო 8-ჯერ ზედიზედ. ა ჯგუფში მისი მეტოქეები შვეიცარია, ნიდერლანდები და ესპანეთი არიან. ბ ჯგუფში პორტუგალია, რუმინეთი, ბელგია და გერმანია თამაშობენ.

2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი

ა ჯგუფი. I რაუნდი. 8 თებერვალი (კვირა)

შვეიცარია. ივერდონი. „სტად მუნიციპალი“. 16:00 საათი (საქ. დრო)

საქართველო - შვეიცარია

საქართველო ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 11. ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები), 10. ლუკა მატკავა (ოიონა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 2. ვანო კარკაძე (ოიონა), 3. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. გიორგი ჯავახია (ტულონი), 6. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 7. იოანე იაშაღაშვილი (მონ დე მარსანი), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი).

მარქაფა: 16. ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი), 17. ლუკა გოგინავა (მონ დე მარსანი), 18. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), 19. დავით ლაგვილავა (პერპინიანი), 20. თემურ წულუკიძე (ოიონა), 21. ანდრო დვალი (პერპინიანი); 22. გელა აფრასიძე (პერპინიანი), 23. თედო აბჟანდაძე (ორიაკი).

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები