„სამარცხვინო აღნიშვნა ვნახეთ“ - ტერიმ არსენალი გააკრიტიკა
შუა კვირაში გამართულ ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში „არსენალმა“ საკუთარ სტადიონზე თანაქალაქელი „ჩელსი“ კაი ჰავერცის ერთადერთი ბურთით დაამარცხა, მეტოქეს ორი მატჩის ჯამში 4:2 აჯობა და ტურნირის ფინალში გავიდა. არბიტრის საფინალო სასტვენის შემდეგ, „მეთოფეებმა“ მიღწეული წარმატება ემოციურად აღნიშნეს, რამაც როგორც ახლა გამოჩნდა, „არისტოკრატების“ ლეგენდა და ყოფილი კაპიტანი ჯონ ტერი უზომოდ გააღიზიანა, რაც მისი კომენტარიდანაც ნათლად ჩანს:
„არსენალის ემოციები და აღნიშვნა სამარცხვინო იყო. ამ გუნდის ფეხბურთელებს მივმართავ - ბიჭებო, არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ინგლისის ლიგის თასია და არა ჩემპიონთა ლიგა. თქვენი საქციელი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რამხელა წნეხის ქვეშ გიწევთ თამაში.
ადრეც არაერთხელ აღვნიშნე და ახლაც გავიმეორებ - „მეთოფეები“ პრემიერლიგაში ამჟამად საუკეთესონი არიან, რადგან გრძელი სათადარიგო სკამი აქვთ, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ტურნირია, რომლის ფინალშიც გავიდნენ. ვფიქრობ, „არსენალის“ მოთამაშეები ზედმეტად ბევრს ნერვიულობენ“.
შეგახსენებთ, რომ „არსენალი“ ინგლისის პრემიერლიგას 24 ტურში დაგროვებული 53 ქულით ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ „მანჩესტერ სიტის“ 6 ქულით უსწრებს. გარდა ამისა, „კანონირებმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ფაზა პირველ ადგილზე დაასრულეს და მერვედფინალში მეტოქეს ელოდებიან.