ქართველების გოლებით - ზირამ სუმგაითი დაამარცხა
აზერბაიჯანის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-19 ტურში „ზირამ“ ისეთი შეხვედრა მოიგო, რომელიც შესაძლოა სეზონის ბოლოს გადამწყვეტიც აღმოჩნდეს. დავით ვოლკოვისა და გიორგი პაპუნაშვილის გუნდმა სტუმრად უშუალო კონკურენტი „სუმგაითი“ დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა, სატურნირო ცხრილში გადაასწრო და მესამე პოზიციაზე დამკვიდრდა. სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ძველი ფორმის აღდგენა ვოლკოვს არ გასჭირვებია და ბოლო სამ შეხვედრაში მეორედ გაიტანა. 30 წლის ფორვარდმა ამჯერად საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი და გამოზომილი დარტყმით აიღო მეტოქე გუნდის კარი.
ვოლკოვი მთავარმა მწვრთნელმა 72-ე წუთზე შეცვალა. დავითის გასვლამდე ექვსი წუთით ადრე კი მოედანზე „ზირას“ მეორე ქართველი ლეგიონერი გამოჩნდა და გამარჯვების ბურთიც გაიტანა. მსაჯის საფინალო სასტვენამდე ორი წუთით ადრე, პაპუნაშვილმა თავისი გუნდის კონტრშეტევა უზუსტესი დარტყმით დაასრულა და თანაგუნდელები უზომოდ გაახარა.
ცნობისათვის, დავით ვოლკოვის ანგარიშზე წელს ყველა ტურნირზე გამართულ 11 შეხვედრაში 4 გოლია, ხოლო გიორგი პაპუნაშვილმა 20 მატჩში თავი 3 ბურთით გამოიჩინა.