მერვე ცენტურიონი და დებიუტანტები - ბორჯღალოსნებმა შვეიცარია გაანადგურეს
2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ეროვნულმა გუნდმა შთამბეჭდავი გამარჯვებით დაიწყო. მართალია, ივერდონში გამართულ შეხვედრაში ბორჯღალოსნები პირველ ტაიმში მძიმედ გამოიყურებოდნენ, მაგრამ შესვენების შემდეგ სიტუაცია გამოასწორეს და მარკო ბორტოლამის სადებიუტო მატჩში აუტსაიდერი შვეიცარია 51-ქულიანი სხვაობით, 54:3 დაამარცხეს.
სტუმართა რიგებში გამორჩეული ორი მორაგბე, თორნიკე ჯალაღონია და დემურ თაფლაძე იყო - ორივე მათგანის ანგარიშზე 2 ლელოა. თითოჯერ კი მეტოქის ჩათვლის მოედანი ნაკრების დებიუტანტმა, ოთარ მეტრეველმა, აკა ტაბუცაძემ და გიორგი ჯავახიამ აიღეს. გარდასახვები კი ზუსტად ლუკა მატკავამ შეასრულა. მეტრეველის გარდა, ბორჯღალოსნების რიგებში კიდევ ოთხი მოთამაშის, ნიკოლოზ რეხვიაშვილის, თემურ წულუკიძის, ანდრო დვალის და დავით ლაგვილავას დებიუტი შედგა.
ცნობისათვის, შვეიცარიელებთან მატჩი განსაკუთრებული იყო ვასილ ლობჟანიძისთვის, რომელმაც 29 წლის ასაკში მეასე სანაკრებო მატჩი ჩაატარა. რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად ნიდერლანდებს შეხვდება - თამაში 15 თებერვალს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.