რონალდუს ბოიკოტი გრძელდება | საუდის პრო ლიგამ 2.4 მილიარდი დაკარგა
როგორც მოგეხსენებათ, კრიშტიანუ რონალდუმ ბოიკოტის გამო საუდის არაბეთის ლიგის ბოლო 2 ტური გამოტოვა.
გამოცემა Speedline ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის პროტესტის გამო ტელეკომპანია FOX Sports-მა საუდის არაბეთის ჩემპიონატის გაშუქების შეწყვეტა გადაწყვიტა.
იმის გამო, რომ აღნიშნულმა ტელეკომპანიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, საუდის არაბეთის ჩემპიონატმა დაახლოებით 2.4 მილიარდი დოლარი დაკარგა. FOX Sports საუდის პრო ლიგის გლობალური მედია გახლავთ, რომელიც ასევე არაერთ კომერციულ პროექტებს უკავშირდება.
ფინანსური ზარალის პარალელურად, ჩემპიონატი საიმიჯო ზარალსაც იღებს და შესაძლოა ამ კუთხით სიტუაცია კიდევ უფრო მეტად გაუარესდეს.
რონალდუმ თამაშზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც ალ-ჰილალმა კარიმ ბენზემა გაიფორმა. კრიშტიანუ თვლის, რომ საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდი, რომელიც ალ-ნასრის, ალ-ჰილალის, ალ-აჰლისა და ალ-იტიჰადის მმართველია, მიკერძოებას იჩენს, რაც სამართლიან კონკურენციას ანადგურებს.
რონალდუ ხვდება, რომ საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდის დამოკიდებულება არ იცვლება. უსამართლო კონკურენციის გარდა, გრძელდება ფეხბურთელებისთვის, გუნდის პერსონალისა და თანამშრომლებისთვის ხელფასების დაგვიანებაც.
A Bola-ს ცნობით, კრიშტიანუ მოვლენების განვითარებას დაელოდება და მოედანზე მას შემდეგ დაბრუნდება, რაც ყველაფერი გაირკვევა. არავინ იცის, ეს როდის მოხდება.