სვასტიკა ბაიერნის ლოგოზე - რა ხდებოდა კლუბში მეორე მსოფლიო ომის დროს
Aa
Aa

სვასტიკა ბაიერნის ლოგოზე - რა ხდებოდა კლუბში მეორე მსოფლიო ომის დროს

მიუნხენის „ბაიერნმა“ გერმანიაში დომინირება მხოლოდ 1960-იანი წლების ბოლოს დაიწყო, თუმცა პირველი ოქროს მედალი 1932 წელს აიღო. ამის შემდეგ ტიტულის მოგება რთული გახდა. ხელისუფლებაში ჰიტლერი მოვიდა და კლუბის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.

არსებობს სურათი, რომელშიც ნათლად ჩანს, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს „ბაიერნის“ გუნდის ლოგოზე ე.გ. „სვასტიკა“ არის გამოსახული.

ასევე არსებობს 1944 წელს გადაღებული „რეკორდმაისტერის“ გუნდის ფოტო, რომელშიც არწივი ჩანს, თუმცა „სვასტიკის“ გარჩევა რთულია. სხვა ნაცისტური იდეოლოგიის დამამტკიცებელი დოკუმენტები არ არსებობს, მაგრამ იმ დროს ნაცისტებს კლუბზე დიდი გავლენა ჰქონდათ.

ცნობების თანახმად, „ბაიერნის“ დამფუძნებლებს შორის რამდენიმე ებრაელი იყო. ერთ-ერთმა კი ისრაელის პარლამენტისთვის მენორა(7-ტოტიანი ოქროს ქანდაკება, იუდაიზმის ერთ-ერთი უძველესი ატრიბუტი) გააკეთა.

ომების ფონზე გერმანიის საზოგადოების ყველა სფეროში მზარდი ანტისემიტიზმი გავრცელდა და გამონაკლისი არც ფეხბურთი იყო. ნაცისტების აღზევებასთან ერთად, გამოიყენებოდა ტერმინი სახელად „Judenklub“(დამამცირებელი ტერმინი ებრაელების მიერ მართული გუნდებისთვის.) იარლიყი „ბაიერნსაც“ მიენიჭა, რომელიც თავის წარმომავლობას არ მალავდა.

კლუბი 1900 წელს მიუნხენის რაიონში, შვაბინგში დაარსდა. რთულია მას სრულად ებრაული ვუწოდოთ. მე-20 საუკუნის დასაწყისში ის უფრო ეპითეტ „ბოჰემიურს“ უფრო ემთხვეოდა. შვაბინგში  მხატვრები, მწერლები და უბრალოდ ცნობილი ადამიანები ცხოვრობდნენ. ამ ადგილს პარიზსაც კი ადარებდნენ.

„ბაიერნის“ დამფუძნებლებს შორის 17 ადამიანი შვაბინგის მკვიდრი გახლდათ, თუმცა ებრაელი მხოლოდ ორი იყო. ერთ-ერთი მათგანი მოგვიანებით ცნობილი მოქანდაკე გახდა. ბენო ელკანი დორტმუნდში დაიბადა. ცხოვრების მანძილზე როდინთან და მატისთან მეგობრობდა. 1933 წელს ემიგრაციაში, კონკრეტულად კი დიდ ბრიტანეთში წავიდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მას ისრაელის პარლამენტის წინ 4-მეტრიანი მენორას დამზადება დაევალა.

კლუბის ცხოვრებაზე გაცილებით დიდი გავლენა მდიდარი ებრაელი ბიზნესმენის შვილმა კურტ ლანდოირმა იქონია. ის „ბაიერნს“ პირველ მსოფლიო ომამდე ხელმძღვანელობდა. ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლამდე, „რეკორდმაისტერის“ პრეზიდენტი სწორედ ლანდოირი იყო. ომისშემდგომი ეკონომიკური კრიზისის პირობებში გუნდი არ დაიშალა და 1932 წელს პირველად მოიგო გერმანიის ჩემპიონატი.  ეს წარმატება სხვა ებრაელის დამსახურებაა იყო. ვენაში მცხოვრები რიჩარდ კონი, მეტსახელად დომბეი, კლუბში მწვრთნელად 1931 წელს მოვიდა.

“ბაიერნის” აღზევება უბედურ დროს მოხდა. 1933 წელს ადოლფ ჰიტლერი გერმანიის კანცლერი გახდა, ამიტომ ხელმძღვანელობას, მწვრთნელს და ბევრ მოთამაშეს საფრთხე დაემუქრა. იმავე წლის მარტში, ლანდოირი გადადგა და რიჩარდ კონი ბარსელონაში გაემგზავრა. 1934 წელს, „რეკორდმაისტერის“ ებრაელ ფეხბურთელებს თავს დაესხნენ, მაგრამ ამ შემთხვევის შემდეგაც ბევრი დარჩა კლუბში. გარდა ამისა, ზოგიერთი მოთამაშე არ იმალებოდა, მაგრამ რეჟიმს ღიად დაუპირისპირდა.

მაგალითად მცველი ზიგმუნდ ჰარინგერი ციხეს ძლივს გადაურჩა. მან ნაცისტურ აღლუმს „თოჯინების“ შოუ უწოდა. ზიგმუნდის ნათქვამი გამვლელმა გაიგონა და პოლიციას შეატყობინა. ჰარინგერი კარგმა ფეხბურთელობამ გადაარჩინა. ის „ბაიერნის“ და გერმანული ფეხბურთის ლეგენდა იყო.

დავუბრუნდეთ ლანდოირს

ლანდოირი „ბაიერნში“ დაბრუნებამდე შვეიცარიაში ომს გადაურჩა. მან კლუბის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, თუმცა დამარცხდა. ომის დასრულების შემდეგ, გერმანულ ფეხბურთში ნაცისტური იდეოლოგია ჩამოიშალა. ლოგოდან „სვასტიკა“ გაქრა. რეალურად კურტისთვის ნაცისტების მმართველობის წლები კოშმარად გადაიქცა, თუმცა ბედნიერი დასასრული ჰქონდა.

1938 წელს, ლანდოირი დააპატიმრეს და დახაუში გაგზავნეს, სადაც ერთი თვე გაატარა. „ბაიერნის“ ყოფილი პრეზიდენტი სპორტული დამსახურებისთვის გაათავისუფლეს. 1943 წელს, გერმანული გრანდი შვეიცარიაში ამხანაგური მატჩის სათამაშოდ წავიდა. იქ მათ კურტი დახვდა და ფეხბურთელებს მიესალმა.

ომის დასრულების შემდეგ, კურტი გუნდს დაუბრუნდა, მაგრამ ამჯერად მხოლოდ რამდენიმე წლით. 1951 წელს, „ბაიერნმა“  საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატარა და გამარჯვებული მოულოდნელად კლუბის ხელბურთის განყოფილების ხელმძღვანელი ჯულიუს შეურინგი გახდა. ლანდოირისთვის ეს დიდი დარტყმა იყო. თუმცა, ორი წლის შემდეგ, შეურინგი გადადგა და ხმის მიცემის წესები ისე შეიცვალა, რომ არჩევნები მხოლოდ ფეხბურთის განყოფილების კანდიდატებს შორის ჩატარდა.

მას შემდეგ, „ბაიერნმა“ ამ მოვლენების მიმართ დამოკიდებულება შეცვალა. არქივები გაიხსნა და ლანდოირის ბიოგრაფიიდან ბევრი დეტალი გაირკვა. დღეს მის პატივსაცემად ძეგლი დგას. კურტის შესახებ დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს. უფრო მეტიც, ბოლო წლებში ბუნდესლიგის მოქმედი ჩემპიონი მზადაა ითანამშრომლოს გერმანიის მოყვარულ ებრაულ გუნდებთან და მათ წარმომავლობაზე საუბარს არ ერიდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
1965 წელი, ინტერი VS ლივერპული - მსაჯის მოსყიდვა, მიგზავნილი აგენტი და სკანდალი
1965 წელი, ინტერი VS ლივერპული - მსაჯის მოსყიდვა, მიგზავნილი აგენტი და სკანდალი