„ვითამაშებ და მერე წავალ“ - რონალდუს რეაქცია მამის გარდაცვალებაზე
პორტუგალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ფელიპე სკოლარიმ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. ლეგენდარულმა სპეციალისტმა გაიხსენა დღე, როცა კრიშტიანუს მამის გარდაცვალების შესახებ აცნობა და საფეხბურთო სამყაროს რონალდუს რეაქციაც გაუზიარა.
სკოლარი პორტუგალიის ნაკრებს 2003-დან 2008 წლამდე წვრთნიდა, რონალდუს მამა კი 2005 წელს გარდაიცვალა, როცა კრიშტიანუ 20 წლის იყო, სანაკრებო შეკრებაზე იმყოფებოდა და რუსეთთან მატჩისთვის ემზადებოდა.
„მახსოვს, რუსეთთან მატჩისთვის ვემზადებოდით, როცა კრიშტიანუს მამის გარდაცვალების ამბავი ჩვენამდე მოვიდა. არავინ იცოდა, რონალდუსთვის ამის შესახებ როგორ ეთქვა და არავის ჰქონდა სურვილი, ეს გაეკეთებინა. გადავწყვიტე, მომხდარის შესახებ მისთვის მე მეთქვა, რადგან რამდენიმე წლის წინ მშობელი დავკარგე და ვიცოდი, ეს რას ნიშნავდა.
რთული და სევდიანი მომენტი იყო, მაგრამ მისი წყალობით ჩვენ შორის ძლიერი კავშირი გაჩნდა. მეორე დღეს კრიშტიანუმ ფენომენალურად ითამაშა და პორტუგალიაში მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდა. მოედანზე გასვლა თვითონ მოითხოვა. რონალდუ მოვიდა და მითხრა: „დღეს მამაჩემისთვის არაფრის გაკეთება არ შემიძლია. ხვალ ვითამაშებ და პორტუგალიაში მერე წავალ.“ კრიშტიანუ გოლების მანქანა და ფანტასტიკური მოთამაშეა. ზოგჯერ ვერ ვხედავთ, ფეხბურთელი მოედნის მიღმა რას აკეთებს და შემიძლია, გითხრათ, რომ ახლა კრიშტიანუს წარმატების მიღწევის უფრო დიდი სურვილი აქვს, ვიდრე კარიერის სტარტზე ჰქონდა.“
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში რონალდუს 26 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 14 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 მატჩში გოლი არ გაუტანია და 2010 წლის შემდეგ, ეს მისთვის ყველაზე ცუდი სერიაა.